დევიდ გორდონ ჰეთევეი: ჩემთვის პატივია, საქართველოში იმ პერიოდში ვიყო, როცა ტოლერანტობის დღეს ზეიმობთ, ძალიან გულღია საზოგადოება ხართ
ჩემთვის პატივია, საქართველოში იმ პერიოდში ვიყო, როცა ტოლერანტობის დღეს ზეიმობთ, ძალიან გულღია საზოგადოება ხართ, – ამის შესახებ ბრიტანელმა დოკუმენტალისტმა, ღვთისმეტყველმა, ანტისაბჭოთა მოღვაწემ, დევიდ გორდონ ჰეთევეიმ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.
ჰეთევეი ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებებში მონაწილეობს.
„ჩემთვის პატივია, საქართველოში იმ პერიოდში ვიყო, როცა ტოლერანტობის დღეს ზეიმობთ. მინდა, მოგიწოდოთ, დღეს საღამოდან ამ დღესასწაულის მონაწილენი გახდეთ. მე საქართველოში პირველად 12 წლის წინ ჩამოვედი. სადაც უნდა ჩავიდე, მთელს მსოფლიოში იმის შესახებ ვსაუბრობ, თუ როგორი სტუმართმოყვარე ხალხი ხართ ქართველები და როგორ გულთბილად მიგვიღეთ. ვიცი თქვენი ისტორია, საოცარია, რომ 2 700 წლის წინ ებრაელების გასახლების პერიოდში, თქვენ ებრაელები საქართველოში მიიღეთ და ისინი ამ ქვეყანაში მშვიდობიანად ცხოვრობდნენ, ახლა კი უკრაინელებს იღებთ. ძალიან გულღია საზოგადოება ხართ“, – განაცხადა ჰეთევეიმ.
16-18 ნოემბერს საქართველოს რელიგიური გაერთიანებები ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ.
ღონისძიების ორგანიზატორების ცნობით, 2022 წელს საქართველოს რელიგიური გაერთიანებების მიერ ტოლერანტობის დღის აღნიშვნას სახარების რწმენის ეკლესია (50-იანელები) მასპინძლობს.
„ღონისძიება 16, 17 და 18 ნოემბერს გაიმართება და მასში რამდენიმე ათასი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის, უცხოელი სტუმრები: ბრიტანელი რელიგიური მოღვაწე დევიდ ჰეთევეი; „მის უკრაინა 2007“ – ლიკა რომანი; NBA-ის 2004 წლის ჩემპიონი მაიკ ჯეიმსი; NBA-ის მოთამაშე უესლი ფლუენი და კოლინს მანდრაე; საკალათბურთო შოუმენი ბრიუს კრევიე და ენბიეის კაპელანი ბილ ალექსონი. ღონისძიება საზეიმოდ გაიხსნება და დარიგდება საჩუქრები.
ღონისძიებაზე მოწვეული არიან: საქართველოს პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი, მთავრობისა და პარლამენტის წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ღონისძიების მიზანია: საქართველოში მცხოვრები კონფესიების მშვიდობიანი და მეგობრული თანაცხოვრება და ტოლერანტობის გაძლიერება თითოეული ადამიანის ღირსების პატივისცემით.
ღონისძიების ორგანიზატორია სახარების რწმენის ეკლესია. ღონისძიება ტარდება რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან თანამშრომლობით და ევანგელურ ალიანსის ხელშეწყობით.
მისამართი: თბილისი არენა, უნივერსიტეტის ქუჩა 15“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.