ოლივერ ვარჰეი: ვხედავ, რომ საქართველოს მთავრობა ძალიან აქტიურად მუშაობს ამ საქმის შესრულებისთვის, რათა თორმეტივე პუნქტი შესრულდეს – უკვე ვხედავთ პოზიტიურ ძვრებს სასამართლო რეფორმის, ვხედავთ წინსვლას კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით, სადაც საქართველო არის მოწინავე ქვეყანა
,,მომდევნო კვირების განმავლობაში მოგვიწევს ძალიან ბევრი მუშაობა, საქართველოს მოუწევს დიდი ჯაფის გაწევა იმისათვის, რომ აჩვენოს, რომ მზად არის – გახდეს კანდიდატი ქვეყანა. თუმცა აქვე ხაზი უნდა გავუსვა იმას, რომ, რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში ახდება, თუ მთელი ქვეყანა, მთელი საქართველო და ყველა ქართველი, ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ იმუშავებს ამ მიზნისთვის. იმიტომ რომ, დარწმუნებული ვარ, რომ ისტორია არასოდეს იძლევა იგივე შანსს ორჯერ, ამიტომ უნდა ვტაცოთ ამ შესაძლებლობას ხელი და გავხადოთ რეალობად. რა თქმა უნდა, ამის გასაკეთებლად გვჭირდება 12 პუნქტის შესრულება, ჩვენ ამ მიმართულებით გვჭირდება კარგი ისტორიის ჩვენება და მახარებს, რომ ვხედავ ამისკენ გადადგმულ ნაბიჯებს, ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, შემოთავაზებები კეთდება და მზადდება პარლამენტში და ვხედავ, რომ საქართველოს მთავრობა ძალიან აქტიურად მუშაობს ამ საქმის შესრულებისთვის, რათა თორმეტივე პუნქტი შესრულდეს”, – ამის შესახებ ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ევროკომისარმა აღნიშნა, რომ სახეზეა პოზიტიური ძვრები სასამართლო რეფორმის, კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებებით.
„რამდენიმე მაგალითი მინდა, მოგიყვანოთ. უკვე ვხედავთ პოზიტიურ ძვრებს სასამართლო რეფორმის მიმართულებით, ვხედავთ წინსვლას კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით, სადაც საქართველო არის მოწინავე ქვეყანა, „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ინფორმაციით, საქართველოს პოზიტიური პრაქტიკა აქვს ამ მიმართულებით და სხვა ევროპულ ქვეყნებთან შედარებით საკმაოდ წინ არის, თუმცა მოგვიწევს ბევრი მუშაობა იმისთვის, რომ ანტიკორუფციული სააგენტო იყოს სრულად დამოუკიდებელი, გვჭირდება კანონი დეოლიგარქიზაციის შესახებ, მე მესმის, რომ დაიწყო ამ მიმართულებით მუშაობა და, რა თქმა უნდა, გვჭირდება ნაბიჯები იმისკენ, რომ გააქტიურდეს ბრძოლა ორგანიზებულ დანაშაულთან. დანარჩენი თქვენ კარგად მოგეხსენებათ 12 რეკომენდაციიდან რა პუნქტები მაქვს მხედველობაში. იმიტომ რომ, რაც უფრო სწრაფად შეასრულებთ ამ 12 რეკომენდაციას, მით უფრო სწრაფად წაიწევთ გზაზე ევროპისკენ. მინდა, ხაზი გავუსვა და ძალიან ძლიერი აქცენტი გავაკეთო შემდეგზე, რაც უფრო სწრაფად შეასრულებს საქართველო ამ დათქმებს, მით უფრო სწრაფად მიიღებენ საქართველოს მოქალაქეები იმ სარგებელს, რაც მოდის თქვენკენ“, – აღნიშნა ოლივერ ვარჰეიმ.