პრემიერი: 2012 წლის შემდეგ, ყველა ხელშესახები შედეგი ევროპულ გზაზე არის სწორედ მმართველი პარტიის დამსახურება

2012 წლამდე ჩვენ ვცხოვრობდით დიქტატორული, ავტოკრატიული რეჟიმის პირობებში, სადაც არავითარი რეალური ნიშან-წყალი დემოკრატიის არ არსებობდა, არც მედია, არც თავისუფალი სასამართლო. სამი წლის დაგვიანებით დაიწყო ქვეყანამ პროცესი – ასოცირების მოლაპარაკებები, უვიზო რეჟიმი ჩვენს დროს დაიწყო. ძალიან მოკლე დროში ჩვენ დავდეთ ხელშესახები შედეგები, – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“ჩემთვის დიდი პატივია, გიმასპინძლოთ საქართველოში. მინდა, გულითადად მოგესალმოთ და მადლობა გადაგიხადოთ ჩამობრძანებისთვის. ბატონი ოლივერ ვარჰეი არის ჩვენი ქვეყნის ნამდვილი მეგობარი, ჩვენი ხალხის მეგობარი, ჩვენი ქვეყნის ევროპული არჩევანის აქტიური მხარდამჭერი და მე მინდა მას ჩვენი მთავრობის სახელით კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა მისი პირადი წვლილისთვის, რომელიც მას შეაქვს ჩვენი ქვეყნის ევროპეიზაციის გზაზე.

ბატონი ვარჰეის ვიზიტი არის პირველი ვიზიტი მას შემდეგ, რაც ევროპულმა საბჭომ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება ივნისის თვეში, როცა საქართველომ მიიღო ევროპული პერსპექტივა, ეს არის ჩვენთვის დიდი მოტივაცია, ეს არის დიდი პასუხისმგებლობაც ჩვენი მმართველი ძალისთვის, ხალხისთვის. ჩვენ ეს კარგად გვაქვს გააზრებული და სწორედ ამ სულისკვეთებით ვმუშაობთ 12 რეკომენდაციის შესრულებაზე. იცით, რომ საქართველო არის ევროპული არჩევანის ერთგული. ეს არის ჩვენი ისტორიული არჩევანი, თაობების არჩევანი და ოცნება, რომ გავხდეთ ევროპული ოჯახის ღირსეული და სრულუფლებიანი წევრი. ამ გზაზე ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებთ. ჩვენი მთავრობის დამსახურებაა, რომ 2012 წლის შემდეგ, ყველა ხელშესახები შედეგი ევროპულ გზაზე არის სწორედ ჩვენი მმართველი პარტიის დამსახურება, იქნება ეს ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება, უვიზო რეჟიმი და ახლა ევროპული პერსპექტივა. ეს ყველაფერი ჩვენი ხალხისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის მოვიტანეთ ეს არ იყო შემთხვევით. ამას წინ უძღოდა ბევრი შრომა. ასევე, 2012 წლამდე ჩვენ ვცხოვრობდით დიქტატორული, ავტოკრატიული რეჟიმის პირობებში, სადაც არავითარი რეალური ნიშან-წყალი დემოკრატიის არ არსებობდა, არც მედია, არც თავისუფალი სასამართლო. სამი წლის დაგვიანებით დაიწყო ქვეყანამ პროცესი – ასოცირების მოლაპარაკებები, უვიზო რეჟიმი ჩვენს დროს დაიწყო. ძალიან მოკლე დროში ჩვენ დავდეთ ხელშესახები შედეგები, რითაც საქართველო რეალურად გამოირჩევა, როგორც ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორობის ჯგუფში“, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები