ირაკლი მეზურნიშვილი: ვიზიტები იაპონიასა და სამხრეთ კორეაში ძალიან ნაყოფიერი იყო

„პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით, იაპონიასა და სამხრეთ კორეაში ძალიან ნაყოფიერი ვიზიტები განხორციელდა. ჩვენ ძალიან საინტერესო შეხვედრები გვქონდა იაპონიაში. მოგეხსენებათ, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის იაპონური ინვესტიციების ზრდა. შესაძლებლობა გვქონდა წამყვან იაპონურ კომპანიებთან გვქონოდა მოლაპარაკება. ისინი ძალიან აფასებენ იმ გარემოებას, რომ საქართველო, მიუხედავად ძალიან დიდი გამოწვევებისა, ინარჩუნებს სტაბილურობას, რაც არის დამატებითი სტიმული კომპანიებისათვის”, – ამის შესახებ კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი მეზურნიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.

ირაკლი მეზურნიშვილმა თავის გამოსვლაში დადებითად შეაფასა აღნიშნული ვიზიტები და იმედი გამოთქვა, რომ იგი კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს საქართველოს თანამშრომლობას ამ ორ ქვეყანასთან. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ კომპანია ტეპკომ უკვე განახორციელა ენერგეტიკის სფეროში პირველი დიდი ინვესტიცია, რაც ბიძგის მომცემი იქნება სხვა იაპონური კომპანიებისთვის, რომლებიც საქართველოს ბაზარზე შემოსვლით დაინტერესდებიან.
იაპონიაში გამართული შეხვედრებისას საკითხი ასევე შეეხო თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების შესაძლო გაფორმებას და მხარეები შეთანხმდნენ მომავალში ამ მიმართულებით აქტიურ თანამშრომლობაზე.

„ასევე, ძალიან საინტერესო შეხვედრები გაიმართა სამხრეთ კორეაში. ტექნოლოგიური კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია მათთან თანამშრომლობა და მათი გამოცდილების გაზიარება ტექნოპარკების, ახალგაზრდების გადამზადების მიმართულებით. ვისაუბრეთ ასევე თბილისი-სეულის პირდაპირი რეისის დანიშვნის შესაძლებლობებზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან დიდია ინტერესი კორეის მხრიდან საქართველოში ტურისტების ინტენსიური ჩამოსვლის მიმართ და რასაც პირდაპირი რეისი უდავოდ შეუწყობს ხელს. ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ კორეის მხარე დაინტერესებულია საქართველოში საელჩოს გახსნით. კორეის მხარე ასევე დაინტერესებულია განახლებადი ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობით, რაც ჩვენი ქვეყნის პირდაპირ ინტერესებშია”, – განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები