„ემოციით აციმციმებული თვალები ყველაფრის პასუხია“ – ოფთალმოლოგი და ხელოვანი, რომელიც ეპოქსიდში ფერების შეზავებით საინტერესო და ულამაზეს ფიგურებს ქმნის

დაიბად ახალციხეში. პროფესიით  ექიმია – რეზიდენტი,  ოფთალმოლოგიის მიმართულებით.
2021 წლის  ბოლოს აქტიურად  დაიწყ  ეპოქსიდზე  მუშაობა.
ამბობს, რომ მთავარი, რატომაც  ეპოქსიდი აირჩია, იყო ფერები, პროდუქციის ფართო არჩევანი და ის მაცდუნებელი  სილამაზე, რომელიც ეპოქსიდში ფერების  შერევით მიიღება. ასევე – შესაძლებლობა, გამოიყენო  და უკვდავად აქციო  საყვარელი ნივთები,
ყვავილებისგან ამზადებს ჭიქის სადგამებს და ლარნაკებს, გაზაფხულის მახარობელ სანიშნეებს… სიახლეა ჭადრაკი და საბავშვო დომინო…
სამომავლოდ ფიქრობს, „ციმციმა“ უფრო ცნობადი  და  საინტერესო გახდეს  ყველასთვის. – ოფთალმოლოგისა და ხელოვანის, თამარ ზაზაძის პერსონა.

– ჩემი ისტორია თითქოს არაფრით გამორჩეული მაგრამ მაინც  ცოტა თავისებურად  ციმციმურია. 24 წლის წინ და  სულ რაღაც 24 საათში უკვე 25 წლის  წინ.
ბავშვობიდან  სულ მინდოდა,  ხელით შემექმნა სხვადასხვა ნივთი, თუმცა  ხელსაქმეში  დიდად ნიჭიერებით არ გამოვირჩეოდი  და ამიტომ  მცდელობაც არ მქონია. ვფიქრობ, აქ შევცვდი… სტუნდეტობის  პერიოდში  სხვადასხვა იდეა  მომივიდა, რომლის განხორციელებაც მინდოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, მხოლოდ იდეად დარჩა…
2021 წლის  ბოლოს აქტიურად  დავიწყე  ეპოქსიდზე  მუშაობა, გამოვიწერე მასალა ინტერნეტიდან. დიდი მოლოდინის  შემდეგ  შევქმენი  პირველი ნამუშევრები,  რომლებიც  დღემდე  ძალიან ძვირფასია ჩემთვის.
თავიდან ონალინგაყიდვებზე არც მიფიქრია, თუმცა, ოჯახის  წევრებისა და მეგობრების  დაჟინებული თხოვნით, გამეზიარებინა საზოგადოებისთვის  ჩემი ციმციმა ნამუშევრები, საფუძველი ჩაეყარა  „ციმციმას“ შექმნას.
– რატომ მაინცდამაინც ეპოქსიდი? რამ მიგიზიდათ?
– ვფიქრობ, ყველაზე  მთავარი,  რატომაც  ეპოქსიდი ავირჩიე. ეს იყო  ფერები, პროდუქციის ფართო არჩევანი და ის მაცდუნებელი  სილამაზე, რომელსაც ეპოქსიდში ფერების  შერევით იღებ. შესაძლებლობა და ფართო არჩევანი, გამოიყენო და უკვდავად აქციო შენთვის საყვარელი ნივთები, მაგალითად –  საყვარელი ადამიანის მიერ ნაჩუქარი  ყვავილი.
პირველი ნამუშევარი  იყო  ჭიქის სადგამი, აქ ჩემთვის საყვარელი ვარდისფერი ფერი გამოვიყენე და ნამდვილად  ისეთი ემოციები  მივიღე, როგორსაც წარმოვიდგენდი.
– რატომ უწოდეთ გვერდს ციმციმა • Tsimtsima?
– ჩემი ნამუშევრები  და  ის  ემოცია, რომელსაც მათი შექმნისა და  შემდგომ – მომხმარებლის  თვალებში  დანახული  ემოციის  გადმოცემა შეუძლია,  არის  სიტყვა – „ციმციმა“. ემოციით აციმციმებული თვალები, რომლებიც ყველაფრის პასუხია, ჩვენი  „ციმციმას“  მთავარი  არსია.
უპირველესად, უდიდეს სიამოვნებას ვიღებ თითოეული ნივთის შექმნისას და ყველა მათგანი  თავისებურად ძვირფასია ჩემთვის.  მერე იმდენად მაბედნიერებს, რომ სხვა ადამიანებს ვახარებ ჩემი ციმციმებით. ორმაგად  მეძლევა მოტივაცია და ორმაგად მიყვარს  ჩემი  ნამუშევრები.
„ციმციმას“  პროდუქცია  საინტერესოა როგორც  უფროსებისთვის, ასევე – უმცროსი ასაკის  ბავშვებისთვის.
ვცდილობთ, თითოეული ნივთი იყოს გამორჩეული და ყველასთვის ციმციმა შეგრძნებებთან ასოცირდებოდეს.
ფერების მრავალფეროვანი  არჩევანი საშუალებას გვაძლევს, მომხმარებელს მეტი შესაძლებლობა მივცეთ, შესაბამისი ნივთის საკუთარი დიზაინითა და  ფერებით  შერჩევაში.
ვიყენებთ უმაღლესი ხარისხის ეკოლოგიურად სუფთა ეპოქსიდს, რომელიც თავსებადია საკვებთან და არ შეიცავს  სიცოცხლისთვის საშიშ  მავნე ნივთიერებებს.
„ციმციმა” ახლა ვითარდება, ძალიან ბევრი  საინტერესო იდეა გვაქვს და  იმედი გვაქვს, რომ ყველას ძალიან შეუყვარდება და „ციმციმა“ თავის მისიას, გააბედნიეროს და ააციმციმოს ადამიანები, წარმატებით  გაართმევს  თავს.
– რომელ ყვავილებს და ფერებს იყენებთ ჭიქის სადგამების და ლარნაკების, ხელსახოცების ჩასადების დამზადების დროს?
– ვიყენებთ თითქმის  ყველა ფერს. გვაქვს ფერების ფართო არჩევანი, თუმცა, ძირითადად, ყველაზე მოთხოვნადი ფერია ლურჯი, ვარდისფერი, მწვანე  და ყვითელი. ასევე აქტუალურია  რამდენიმე ფერის ერთად გამოყენება, რომელიც ეპოქსიდის ნაკეთობებს ძალიან უხდება. ყვავილებს რაც შეეხება, ვიყენებთ ყველა სახეობის ცოცხალ ყვავილს, რომელთა შეგროვებაშიც  მთელი ოჯახი ვმონაწილეობთ.  ვცდილობთ,  სეზონურად  გამოვიყენოთ ისინი.
გარდა ყვავილებისა, ვიყენებთ ნატულარულ  ქვებს  ხელსახოცების  ჩასადებებისთვის. თუმცა, რაღა თქმა  უნდა,  შესაძლებელია  ნებისმიერი  ნივთის  გამოყენება  „ციმციმას“ პროდუქციაში.
–  ციმციმურ სიახლეებში გამოირჩევა ჭადრაკი და საბავშვო დომინო… დარწმუნებული ვარ, ბევრს მოსწონს. როგორ დაამზადეთ ეს ფიგურები?
– სიახლე გვაქვს ჭადრაკის სახით, რომელიც  ძალიან ბევრი ადამიანის მოწონებას იმსახურებს და, სიმართლე გითხრათ, ამჯერადაც, როგორც ნებისმიერი ნივთის შექმნისას, შეყვარებული ვარ, იმდენად  ლამაზი  და  სასწაული  შედეგი მივიღე.
დასამზადებლად ვიყენებ სპეციალურ ყალიბებს,  რომლებშიც  შემდგომ ჩემი და  მომხმარებლის დიზაინით ვქმნი კონკრეტულ ნივთს.
იმდენად სასიამოვნო  პროცესია ეპოქსიდთან მუშაობა და თითოეული ნივთის შექმნა, რომ ნებისმიერი სირთულე, თუნდაც დროის  ფაქტორი (საკმაოდ  შრომატევადი  საქმეა), მასალების  (ხარისხიანი ყალიბების) მოძიება და ა.შ. თითქოს  მარტივად გვარდება.
– „იქსიკი და ნოლიკი“, ბრელოკები, გაზაფხულის მახარობელი სანიშნეები… საინტერესო მოსაყოლი ამბებიც გექნებათ…
– გამოვარჩევდი ერთ-ერთი მომხმარებლის შეკვეთას, რომელმაც მეგობრისთვის ჭიქის სადგამის  დამზადება  მთხოვა. მეგობრის მუსიკისადმი სიყვარულის გამო, ნაკეთობაში სურდა კონკრეტული ფოტოსურათის  გამოყენება.
ვინაიდან ფოტოსურათის გამოყენება ეპოქსიდის ნაკეთობაში ჩემთვისაც პირველი იყო, ძალიან ვღელავდი. თუმცა მომხმარებლის ნდობის, მისი და ჩემი სურვილის გამო, ძალიან კარგი გამოსულიყო  ჭიქის სადგამი,  შედეგიც იდეალური გამოვიდა. მომხმარებელი ძალიან კმაყოფილი იყო და მთავარი ადრესატიც – ციმციმური ემოციით სავსე.
გარდა ამისა, მახსენდება ერთ-ერთი ჭიქის სადგამის  ისტორია,რომელიც მომხმარებელს  იმდენად მოეწონა, რომ სამუშაო  მაგიდასთან,  როგორც  სუვენირს, ისე მიუჩინა ადგილი, რათა ხშირად  შეევლო თვალი.
–  როგორ მუშაობთ, შთაგონება თუ გჭირდებათ?
–  ჩემი შთაგონების მთავარი წყარო  მაინც ფერებს, მომხმარებელს და  ბავშვობას  უკავშირდება.
დომინოს და  თუნდაც  „იქსიკი  და ნოლიკის“  შექმნა  პირდაპირ უკავშირდება ბავშვობის იმ სასიამოვნო ემოციებს, რომლებსაც მათი თამაშის დროს ვიღებდი. მინდოდა გამეცოცხლებინა და დღეს უფრო ფერადი და  სახალისო ყოფილიყო ჩემი ბავშვობის ყველაზე პოპულარული სამაგიდო თამაშები.
– ოფთალმოლოგი ხართ. როგორ უთავსებთ  ერთმანეთს ძირითად სამსახურს და თქვენს ხელსაქმეს?
– ყველაფერთან ერთად  ეპოქსიდთან მუშაობა ყველაზე კარგი ანტიდეპრესანტია, რომელიც  გეხმარება,  გადატვირთულ ყოველდღიურობას  ცოტა ხნით ჩამოშორდე.
უფრო ხშირად, სამსახურის შემდეგ, დასვენების დღეებში პირველი, რასაც ვაკეთებ, ეს ეპოქსიდთან ურთიერთობაა.
–  ჰობი…
–  ამ ეტაპზე  თავისუფალ დროს  უდიდეს სიამოვნებას  მანიჭებს  ხატვა, ფერებთან ახლოს  ურთიერთობა. სხვადასხვა,  ძველი,  საინტერესო ისტორიის მქონე ადგილების მონახულება  და  ფოტოზე  ჩემეული  ასახვა.
შეყვარებული ვარ საქართველოს სასწაულ ბუნებაზე, რომელიც ყოველ დღე ყველა კუთხეში  განსხვავებული და მომაჯადოებელია. ვცდილობ, გადავიღო  და ჩემს მეხსიერებაში  სამუდამოდ აღვბეჭდო თითოეული კადრი.
– ოჯახი…
– დავიბადე და  გავიზარდე  დიდ, მოსიყვარულე  და თბილ ოჯახში.  ვართ – მამა, დედა    და  4  დედ-მამიშვილი და  უკვე ხუთნი – ჩემი რძლის  სახით, რომელიც ჩვენს დიდ ოჯახს შემოემატა. შესაბამისად,  მუდმივაად დიდი და  სასიამოვნო   ჟრიამულია ჩვენს  ოჯახში. პირველი შვილი ვარ ჩემი მშობლებისთვის. ოჯახი  არის  ჩემთვის  ყველაზე მყუდრო და  თბილი გარემო, საიმედო საყრდენი  ნებისმიერ სიტუაციაში. ყველა ჩემი სურვილი მათი დახმარებით რეალური ხდება…
–  სამომავლო გეგმები…
– სამომავლოდ, გარდა ჩემი პროფესიული განვითარებისა, აუცილებლად ვგეგმავ,  „ციმციმა“ უფრო ცნობადი  და  საინტერესო გახდეს  ყველასთვის. მინდა   უფრო მეტი ადამიანის თვალები ავაციმციმოთ  და  მეტ ადამიანს  შევუქმნათ  დადებითი განწყობა. გვექნება  ბევრი სიახლე როგორც უახლოეს მომავალში, ახალ წელს ციმციმურ სიახლეებს ვპირდებით ჩვენს მომხმარებლებს, ასევე – შორეულ გეგმებშიც  ბევრ საინტერესო და  ციმციმებით სავსე სიახლეს  ვგეგმავთ.

თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები