„ქართული და ევროპული საეკლესიო მუსიკა“ – „თბილისის ბაროკო ფესტივალი“ ემოციურ კონცერტს უმასპინძლებს

„თბილისის ბაროკო ფესტივალი“, 9 ნოემბერს, რუსთაველის ეროვნული თეატრის მცირე სცენაზე, დიდი პრემიერით გაიხსნა.
როგორც „კვირას“ საქართველოს სინფონიეტას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის უფროსმა თეა მუქერიამ აცნობა, საქართველოში პირველად შესრულდა იან დისმას ზელენკას უნიკალური ნაწარმოები – „წმინდა სამების მესა“, რომელიც თბილისის სახელმწიფო კამერულ ორკესტრთან, „საქართველოს სინფონიეტასთან“ ერთად შეასრულეს: გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელამ (სამხატვრო ხელმძღვანელი – ზვიად ბოლქვაძე), დირიჟორი კი გახლდათ – კორნელია ფონ კერსენბროკი (გერმანია).
„ფესტივალი გრძელდება და 11 ნოემბერს, 19:30 საათზე, რუსთველის ეროვნული თეატრის მცირე სცენაზე გაიმართება მსმენელებისთვის ძალიან ემოციური კონცერტი – „ქართული და ევროპული საეკლესიო მუსიკა“, რომელიც ფესტივალზე უკვე ტრადიციულად ყოველ წელს ტარდება.
წელს, ამ კონცერტზე მსმენელების წინაშე შუა საუკუნეების პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის საეკლესიო მუსიკით წარდგება მომღერალთა ანსამბლი – „Organum“ (საფრანგეთი), ხოლო ქართულ საეკლესიო და, ამასთან ერთად, ფოლკლორულ ნიმუშებს წარმოგვიდგენს ანსამბლი „რუსთავი“.
ანსამბლი „Organum“ 1982 წელს მარსელ პერესმა დააარსა. ანსამბლის რეპერტუარი მოიცავს შუა საუკუნეების ევროპულ მუსიკას, რომელიც მე-6 საუკუნიდან იღებს სათავეს. უამრავი კონცერტი და სანახაობა აქვთ წარმოდგენილი ევროპაში, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში, აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში. ჩაწერეს 40-ზე მეტი კომპაქტ-დისკი. რადიოსა და სატელევიზიო სივრცეში ხშირმა გამოჩენამ და ევროპის მდიდარი და მრავალფეროვანი მუსიკალური მემკვიდრეობის ჩვენებამ, ანსამბლს საშუალება მისცა, გადამწყვეტი როლი შეესრულებინა შუა საუკუნეების მუსიკის აღორძინებაში. 1984 წლიდან 2000 წლამდე, ანსამბლი დაფუძნებული იყო სენანკის სააბატოსა და როიომონის ფონდში, სადაც მარსელ პერესმა ევროპის შუა საუკუნეების მუსიკის კვლევითი ცენტრი დააარსა (CERIMM). 2001 წელს ანსამბლი მუასაკის ყოფილ სააბატოში გადავიდა ახალი ინსტიტუციის, ძველებური მუსიკის კვლევითი ცენტრის (CIRMA) დასაარსებლად, რაც ადრეული მუსიკის კვლევისა და პრაქტიკის ახლანდელ ტრადიციებთან შერწყმის მიზნით შეიქმნა.
დღეს საქართველოში მოქმედებენ სხვადასხვა სახის ანსამბლები, რომლებიც სათუთად ინახავენ და ავითარებენ ხალხური შემოქმედების ტრადიციებს. ერთ-ერთი ასეთი ანსამბლი გახლავთ სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „რუსთავი”. ის ნაყოფიერ შემოქმედებით საქმიანობას ეწევა: აღადგენს მივიწყებულ ძველ ხალხურ სიმღერებს, იწერს სიმღერებს კომპაქტურ დისკებზე, მართავს კონცერტებს, მონაწილეობს ფესტივალებში, რადიო და სატელევიზიო გადაცემებში, იღებს და ახმოვანებს კინოფილმებს, ბევრს მოგზაურობს უცხოეთში და ქართულ ფოლკლორს აცნობს მსოფლიოს მრავალ ქვეყანას.
„რუსთავი“ შეიქმნა 1968 წელს. თავისი არსებობის მანძილზე მან 5000-ზე მეტი კონცერტი გამართა, წარმატებით მოიარა მსოფლიოს 80-მდე ქვეყანა (ბევრი მათგანი რამდენჯერმე), გამოდიოდა ისეთ პრესტიჟულ დარბაზებში, როგორიცაა: პარიზის „ოლიმპია“, „მოგადორი“ და „ფლეიერის თეატრი“, ლონდონის „ალბერტჰოლი“, მოსკოვის დიდი თეატრი, სანკტ-პეტერბურგის, ვენის, ამსტერდამის, ნიუ-იორკის, ტოკიოს, ქაიროს, რომის, შანხაის, ბერლინის და მსოფლიოს სხვა ქალაქების დიდი საკონცერტო დარბაზები ოვაციებს უმართავდნენ “რუსთავის” საშემსრულებლო ხელოვნებას. პრესა მაღალ შეფასებას აძლევს მის გამოსვლებს.
ქართული და ევროპული საეკლესიო მუსიკის კონცერტი ყოველთვის გამოირჩევა განსაკუთრებული აუდიტორიით, რომელიც როგორც კლასიკური მუსიკის, აგრეთვე, ფოლკლორის მოყვარულებს აერთიანებს და 11 ნოემბერს, 19:30 საათზე, რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზში კვლავ ასეთ დიდ დღესასწაულს ველით.
„თბილისის ბაროკო ფესტივალი“ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, თბილისის მერიის, იტალიის საელჩოსა და ფრანგული ინსტიტუტის მხარდაჭერით იმართება. ფესტივალი 27 ნოემბრის ჩათვლით ჩატარდება“, – განაცხადა თეა მუქერიამ.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია ვებგვერდზე: www.biletebi.ge

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები