საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ანტიკორუფციული სააგენტოს შესახებ ალტერნატიული კანონპროექტი განიხილა
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ანტიკორუფციული სააგენტოს შესახებ ალტერნატიულ კანონპროექტზე იმსჯელა.
პარლამენტის წევრების სალომე სამადაშვილის, ბადრი ჯაფარიძის, დავით უსუფაშვილის, შალვა შავგულიძის, ანა ნაცვლიშვილის საკანონმდებლო ინიციატივა, „ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს შესახებ” კომიტეტის წევრებს დავით უსუფაშვილმა გააცნო. მომხსენებელმა განმარტა, რომ პროექტი დამოუკიდებელი ორგანოს შექმნას ითვალისწინებს, რომელიც ადმინისტრაციულად, უწყებრივად, პოლიტიკურად არავის მიმართ არ იქნება დაქვემდებარებული, ხოლო საგამოძიებო მოქმედებებში ის სრულად პასუხისმგებელი იქნება საქართველოს პროკურატურის მიმართ.
„ჩვენ ვფიქრობთ, რომ უნდა შეიქმნას ცალკე დამოუკიდებელი სააგენტო, რომელსაც ექნება საგამოძიებო ფუნქციები და გამოძიების პროცესში ის ისევე იქნება ჩართული სამართალდამცავ სისტემაში, იმავე უფლებებითა და ანგარიშვალდებულებით, როგორც სხვა საგამოძიებო სამსახურები. ჩვენ მიერ ინიცირებული პაკეტი შეიქმნა ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და შეესაბამება ევროპული რეკომენდაციების მოთხოვნებს”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
განხილვის დასრულების შემდეგ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით კომიტეტის დასკვნა უარყოფითია. თუმცა, როგორც ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, „კომიტეტის დასკვნა ამ კანონპროექტთან დაკავშირებით დაცლილია პოლიტიკური მდგენელისგან და მხოლოდ არგუმენტებს ეყრდნობა. ეს თქვენ საშუალებას მოგცემთ იურიდიულ კომიტეტზე გააგრძელოთ ამ საკითხზე დისკუსია,”- განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა. სხდომას ესწრებოდნენ და კანონპროექტის განხილვაში მონაწილეობდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.