რატი იონათამიშვილი: კენჭისყრაზე ომბუდსმენობის 19-ვე კანდიდატის საკითხი დადგება, მიუხედავად იმისა, ისინი მონაწილეობდნენ თუ არა გასაუბრების პროცესში
პარლამენტმა სახალხო დამცველობის კანდიდატების გასაუბრების პროცესი დაასრულა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის რატი იონათამიშვილის განცხადებით, საქართველოს მომავალი ომბუდსმენის ასარჩევად, ორი მთავარი სტანდარტის – მიუკერძოებლობისა და კომპეტენციის შესაფასებლად კანდიდატებისთვის დასმული კითხვებით ვითარება უფრო გამოიკვეთა.
„ახლა ჩვენ გავაანალიზებთ თითოეული კანდიდატის გასაუბრების პროცესს, გვექნება კონსულტაციები სხვადასხვა პოლიტიკურ სუბიექტთან და ამის შემდეგ ეს საკითხები კენჭისყრაზე დადგება. მათ შორის, 19-ვე კანდიდატის, მიუხედავად იმისა, ისინი მონაწილეობდნენ თუ არა გასაუბრების პროცესში“, – განაცხადა იონათამიშვილმა.
პარლამენტში წარდგენილი 19 კანდიდატიდან გასაუბრებაში მონაწილეობა 16-მა კანდიდატმა მიიღო. შეფასებები და დასკვნის პროექტი, სავარაუდოდ, მომავალი კვირის ორშაბათს გახდება ცნობილი, რის შემდეგაც, რეგლამენტის თანახმად, პლენარულ სხდომაზე კენჭისყრის პროცედურა გაიმართება.