ანრი ოხანაშვილმა საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა

„სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფი პარლამენტის იურიდიულ კომიტეტს საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში საკანონმდებლო ცვლილებებს წარუდგენს. დაინიცირებული ცვლილებები კი დასკვნისთვის ვენეციის კომისიასა და ეუთო/ოდირ-ს გაეგზავნება. ცვლილებები მიზნად ისახავს ევროკომისიის მიერ 12-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში განსაზღვრული ერთ-ერთი ამოცანის შესრულებას და, საბოლოოდ, ემსახურება საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას”, – ამის შესახებ კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

ოხანაშვილმა მედიის წარმომადგენლებს სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის საქმიანობის შედეგებსა და სასამართლოსთან დაკავშირებით მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტით დგინდება ღია სასამართლო სხდომის შედეგად მიღებული სასამართლო აქტის, დაშტრიხვის გარეშე, ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის საჯარო ინფორმაციის სახით გაცემის წესი. უმჯობესდება რაიონული (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე პირის განწესების წესი. დგინდება შეზღუდვა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად წარმართული პროცესის ფარგლებში მონაწილე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის მიმართ.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრის არჩევის პროცედურაში მონაწილე საბჭოს წევრობის კანდიდატს უფლება ეძლევა, კენჭისყრამდე მიმართოს მოსამართლეთა კონფერენციას და წარუდგინოს თავისი ხედვა და მოსაზრება. დგინდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევისას მათი საჯარო მოსმენის ვალდებულება, ასევე, შინაარსობრივი დაზუსტების, სამართლებრივი ტექნიკის, სისტემურობის, სტრუქტურული და რედაქციული თვალსაზრისით იხვეწება და უმჯობესდება „საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მთელი რიგი ნორმები.

ანრი ოხანაშვილის თქმით, კანონპროექტი იურიდიულ საკითხთა კომიტეტს ინიცირებისთვის დღესვე წარედგინება, ხოლო დაინიცირებული ცვლილებები დასკვნისთვის ვენეციის კომისიასა და ეუთო/ოდირ-ს გაეგზავნება. ამ ორგანიზაციებიდან მიღებული დასკვნის შედეგად, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი პროექტზე მუშაობას უკვე საკომიტეტო განხილვის ფარგლებში დაიწყებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები