1972 წლის სისხლიანი დრამა – რა ვითარება იყო მიუნხენის ოლიმპიადაზე

1972 წლის 5 სექტემბერს მიუნხენში, ოლიმპიურ თამაშებზე ტერორისტებმა მძევლად აიყვანეს სპორტსმენები ისრაელიდან. ყველა მათგანი წარუმატებელი სამაშველო ოპერაციის შედეგად დაიღუპა. მოვლენები მილიონობით ადამიანის თვალწინ, თითქმის პირდაპირ ეთერში ვითარდებოდა. ტერაქტზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე პალესტინის ტერორისტულმა ორგანიზაციამ, „შავმა სექტემბერმა“ აიღო.

იმ დღეს ტერორისტებმა ისრაელის დელეგაციის წევრები აიყვანეს მძევლად, რომლებიც შემდეგ ციხეში მყოფ თავის თანამემამულეებზე უნდა გაეცვალათ. ოპერაციის შედეგად ისრაელის ნაკრების 11 წევრი დაიღუპა და ასევე, გერმანელი პოლიციელი. 8-დან 5 ტერორისტი პოლიციელებმა მოკლეს.

ტერაქტის იდეაც 1972 წლის ოლიმპიადაზე მიუნხენში „შავი სექტემბრის“ ლიდერებს მას შემდეგ გაუჩნდათ, რაც ოლიმპიური თამაშების საერთაშორისო კომისიამ უარი უთხრა პალესტინელებს მონაწილეობაზე. 8 მებრძოლს „შავი სექტემბრიდან“, რომლებიც ავტომატური იარაღით და ხელყუმბარებით იყვნენ შეიარაღებულები, მიზნად ჰქონდათ დასახული, ოლიმპიური სოფლის ისრაელის დელეგაციის წევრები აეყვანათ მძევლად და შემდეგ თავის თანამემამულეებზე გადაეცვალათ.

ტერორისტების გეგმის შესრულებას ხელი შეუწყო ვითარებამაც, რომელიც მიუნხენში შეიქმნა. ოლიმპიადის ორგანიზატორები ცდილობდნენ, მინიმუმადე დაეყვანათ პოლიციის და სპეცსამსახურების თანამშრომლების თამაშებზე ყოფნა. მიუნხენისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ეჩვენებინა საკუთარი მშვიდობიანი განწყობა.

მთლიანად დასავლეთ გერმანია ცდილობდა გამოეყენებინა თამაშები ღიაობისა და კეთილი ზრახვების დემონსტრირებისთვის, რასაც უსაფრთხოების მკაცრი ზომები არანაირად არ ერგებოდა.

ვითარებამ, რომელშიც თითქმის ყველას შეეძლო ოლიმპიურ სოფელში შესვლა, შეაშფოთა ისრაელის წარმომადგენლები, თუმცა მათ ორგანიზატორებისგან სრული უსაფრთხოების გარანტიები მიიღეს. როგორც ჩანს, გერმანიის ხელისუფლება ყურადღებას ამახვილებდა ნეონაცისტების ქმედებების თავიდან აცილებაზე, მაგრამ არ ანიჭებდა მნიშვნელობას გაფრთხილებებს პალესტინის ჯგუფების ტერორისტული თავდასხმების შესაძლებლობის შესახებ, რომლებიც ახლო აღმოსავლეთის აგენტებისგან ისმოდა.

5 სექტემბერს, დილის 4:30 საათზე „შავი სექტემბრის“ რვა მებრძოლმა იარაღის ჩანთებით ადვილად გადალახა ოლიმპიური სოფლის ღობე და მის ტერიტორიაზე აღმოჩნდა. ატმოსფერო იმდენად მშვიდი იყო, რომ რამდენიმე სპორტსმენი, რომელმაც დაინახა ხალხის ღობეზე ასვლა, დაეხმარა მათ ბარგის გადმოტანაში. რამდენიმე წუთის შემდეგ ტერორისტები კონოლის 31-ში მდებარე სახლში შევიდნენ, სადაც ისრაელის წარმომადგენლები  ცხოვრობდნენ. მათ ბინის გასაღები მანამდე ჰქონდათ მოპარული.

პირველი ადამიანი, რომელსაც ტერორისტები შეხვდნენ, იყო ჭიდაობის ტურნირის მსაჯი იოსებ გუტფრუნდი. მან განგაში ატეხა, გააღვიძა მეგობრები და ცდილობდა, ტერორისტების ბინაში შეღწევისთვის ხელი შეეშალა. მის დასახმარებლად მოსამართლე მოშე ვაინბერგმა იჩქარა, რომელიც შემდეგ ტერორისტებთან შეტაკების დროს დაიჭრა. იარაღის მუქარით, ვაინბერგი იძულებული გახდა ეჩვენებინა სხვა ბინები, სადაც ისრაელის გუნდის სპორტსმენები ცხოვრობდნენ. ვაინბერგმა ისინი მოატყუა და მიიყვანა იქ, სადაც ებრაელი მოჭიდავეები და ძალოსნები ცხოვრობდნენ. ის ელოდა, რომ ფიზიკურად ძლიერი სპორტსმენები შეძლებდნენ ტერორისტებისთვის წინააღმდეგობის გაწევას, მაგრამ ისინი დაძინებულები დახვდნენ.

გერმანიაში იმ დროს არ არსებობდა სპეციალური დანაყოფები ტერორისტებთან საბრძოლველად. გაბედულმა ვაინბერგმა, მიუხედავად იმისა, რომ დაიჭრა, კიდევ ერთხელ სცადა წინააღმდეგობის გაწევა, მაგრამ დაიღუპა ტერორისტებთან ბრძოლაში. ასევე დაიღუპა ძალოსანი ჯოზეფ რომანო, რომელმაც მათ წინააღმდეგობა გაუწია. შედეგად, „შავი სექტემბრის“ წევრებმა მძევლად აიყვანეს ცხრა ადამიანი: მწვრთნელი კეჰატ შორი, მძლეოსნობის მწვრთნელი ამიტსურ შაპირო, ფარიკაობის მწვრთნელი ანდრე სპიცერი, ძალოსნობის მსაჯი იაკობ შპრინგერი, მოჭიდავეები: ელიზერ ჰალფინი და მარკ სლავინი, ასევე შტანგისტები: დავიდ ბერგერი და ზეევ ფრიდმანი.

ტერორისტებმა აღებულ შენობაში თავდაცვის ზომები მიიღეს და წამოაყენეს მძევლების გათავისუფლების პირობები: 5 სექტემბრის 12:00 საათამდე უნდა გაეთავისუფლებინათ და უზრუნველეყოთ ეგვიპტეში უსაფრთხო გადასასვლელი ისრაელში დაპატიმრებული 234 პალესტინელისთვის და დასავლეთ გერმანიაში დაკავებული ორი გერმანელი რადიკალისთვის: ანდრეს ბაადერისა და ულრიკ მეინხოვისთვის.

თუ მოთხოვნები არ დაკმაყოფილდებოდა, ტერორისტებმა ყოველ საათში ერთი სპორტსმენის მოკვლაის პირობა დადეს.

ის ფაქტი, რომ ტერორისტების პირობები სრულად არ დაკმაყოფილდებოდა, თითქმის მაშინვე აშკარა გახდა: ისრაელის მთავრობამ, რომელმაც უარი თქვა ტერორისტებთან მოლაპარაკებაზე, განაცხადა, რომ არც ამჯერად შეცვლიდა პოზიციას. სანაცვლოდ, ისრაელმა გერმანიას შესთავაზა მათი სპეცრაზმის დახმარება, მძევლების გასათავისუფლებლად ოპერაციის ჩატარებაში.

გერმანიის მთავრობამ უარი თქვა წინადადებაზე და ვითარების მოგვარებას მოლაპარაკებების გზით ცდილობდა. ტერორისტებს, ისრაელის მოქალაქეების სანაცვლოდ, მაღალი რანგის გერმანელი მძევლები შესთავაზეს, მაგრამ უარი მიიღეს. გერმანიის ხელისუფლება მზად იყო, ბევრი რამ გაეკეთებინა მათ მიწაზე ებრაელთა დაღუპვის თავიდან ასაცილებლად – ზედმეტად აშკარა იყო პარალელები მეორე მსოფლიო ომთან, რომლის გავლენიდანაც გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა უიმედოდ ცდილობდა თავის დაღწევას.

გერმანელმა მომლაპარაკებლებმა შეძლეს მოთხოვნების შესრულების ვადის რამდენიმე საათით გადაწევა. 18:00 საათზე ტერორისტებმა გადაიფიქრეს და მოითხოვეს თვითმფრინავი, მძევლებთან ერთად კაიროში გასაფრენად. გერმანიის ხელისუფლება დათანხმდა თვითმფრინავის მიწოდებას, თუმცა თავდაპირველად ეს იყო ხაფანგი – ეგვიპტის მთავრობა არ დათანხმდა ტერორისტების მიღებას. მძევლების გათავისუფლების ოპერაცია არ იყო მომზადებული.

ტერორისტების გასანეიტრალებლად გამოყენებული იქნა ხუთი სნაიპერი, რომლებსაც არ გაუვლიათ სპეციალური მომზადება ასეთ ვითარებაში მოქმედებისთვის, ისევე როგორც პოლიციის ჩვეულებრივ ქვედანაყოფებს.. ტერორისტებისთვის მომზადებულ ბოინგ 727-ში მათ პილოტებად გადაცმული პოლიციელები ელოდნენ. თუმცა, ტერორისტების გამოჩენამდე რამდენიმე წუთით ადრე, რატომღაც მათ დატოვეს ბოინგი.

კიდევ ერთი ფატალური გარემოება გახლდათ ის, რომ გერმანიის ხელისუფლებამ მოლაპარაკებების დროს ვერ დაადგინა, რამდენ ტერორისტს ჰყავდა აყვანილი მძევლები. კრიზისული შტაბი იმ გადმოსახედიდან მსჯელობდა, რომ ისინი ხუთზე მეტი არ იყვნენ. ტერორისტები, რომლებსაც ხელში არა მარტო სპორტსმენები, არამედ შვეულმფრენის ოთხი პილოტიც ჰყავდათ ჩაგდებული, ბაზაზე მივიდნენ და აღმოაჩინეს, რომ თვითმფრინავი ცარიელი იყო. გააცნობიერეს, რომ ისინი ხაფანგში იყვნენ. ტერორისტებმა დაიწყეს ბრძოლა პოლიციასთან. სნაიპერებმა ვერ მოახერხეს დაუყოვნებლივ გაენადგურებინათ ყველა მათგანი – ორი ტერორისტი დაიღუპა და ორი დაშავდა.

ერთ-ერთი გერმანელი პოლიციელი საპასუხო სროლის შედეგად დაიღუპა. პოლიციის დასახმარებლად ჯავშანტრანსპორტიორები გამოიძახეს. მათი ჩამოსვლისთანავე ტერორისტები პანიკაში ჩავარდნენ, ცეცხლი გაუხსნეს მძევლებს და შემდეგ ააფეთქეს ვერტმფრენები. რვა ტერორისტიდან ხუთი მოკლეს, სამი ცოცხლად აიყვანეს. არც ერთი მძევალი არ გადარჩენილა.

ებრაელი სპორტსმენების დაღუპვის შემდეგ ოლიმპიადა ერთი დღით შეწყდა, მაგრამ მისი შეჩერების წინადადებამ მხარდაჭერა საერთოდ ვერ მოიპოვა. უკვე 1972 წლის ნოემბრის ბოლოს სამი გადარჩენილი ტერორისტი გაათავისუფლა გერმანიის ხელისუფლებამ იმ ტერორისტების თხოვნით, რომლებმაც გაიტაცეს გერმანული კომპანია Lufthansa-ს თვითმფრინავი. თუმცა, მათ ვერ აიცილეს პასუხისმგებლობა – მომდევნო 20 წლის განმავლობაში, ისრაელის სპეცსამსახურებმა ჩაატარეს სპეცოპერაციების მთელი სერია, გაანადგურეს მიუნხენში ტერაქტის ორგანიზატორებისა და შემსრულებლების უმეტესობა.

მიუნხენის ოლიმპიადაზე მომხდარმა ტერორისტულმა თავდასხმამ ერთხელ და სამუდამოდ შეცვალა დამოკიდებულება სპორტსმენების უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით. ახლა ორგანიზატორები უზარმაზარ თანხებს გამოყოფენ უსაფრთხოების ზომებისთვის, უსაფრთხოების ათასობით თანამშრომელია ჩართული ობიექტების დაცვაში და გამოიყენება უახლესი აღჭურვილობა, მათ შორის, საჰაერო თავდაცვის სისტემები. მიუნხენში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ მთელ მსოფლიოში დაიწყო ტერორიზმთან ბრძოლის სპეციალური დანაყოფების შექმნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები