ომბუდსმენობის კანდიდატი: ჩემი მხრიდან სრული ნდობა აქვს სასამართლოს, ერთადერთი – ვისურვებდი, საქმეები არ გრძელდებოდეს დიდხანს
ჩემი მხრიდან სრული ნდობა აქვს სასამართლოს. ერთადერთი, რასაც ვისურვებდი ჩემი სახელმწიფოსთვის, ისაა, რომ განხორციელდეს რეფორმა, რომ საქმეები არ გრძელდებოდეს დიდხანს, – ამის შესახებ სახალხო დამცველობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, სოფიო დემეტრაშვილმა პარლამენტში, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, სასამართლო სისტემაში მეტი დეცენტრალიზება და რაიონების გაძლიერებაა საჭირო.
„ძალიან დიდხანს ჭიანურდება და არ არის შესაბამისი დაყოფა – თუნდაც საქალაქო და რაიონული სასამართლოების, ასევე, ორი სააპელაციო სასამართლო გვაქვს და ძალიან მცირე რაოდენობა მოსამართლეების, ერთი კი უზენაესი სასამართლო, სადაც არანაკლებ 28 მოსამართლე გვიწერია. რა საჭიროა 28 მოსამართლე, ეს ჩემთვის სრულიად მიუღებელია.
უფრო მეტ დეცენტრალიზებას მივაქცევდი ყურადღებას. რაიონებს გავაძლიერებდი, მოსამართლეებს დავამატებდი, შედეგად სააპელაციო სასამართლოები განიტვირთებოდა“, – განაცხადა სოფიო დემეტრაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი დღევანდელ სხდომაზე სახალხო დამცველობის კანდიდატებს უსმენენ. კომიტეტზე უკვე მოუსმინეს ლელა გაფრინდაშვილს. დღესვე დაგეგმილია თინათინ ერქვანიასა და ევგენია თავაძის კანდიდატურების განხილვა.