„საქართველო  ევრაზიული კორიდორის გადამწყვეტი  ნაწილი ხდება, ესაა    გაორმაგებული ეკონომიკური შემოსავლები და უსაფრთხოება“ – ზაალ კასრელიშვილი  ილჰამ ალიევის განცხადებებს აფასებს

„საქართველო  ევრაზიული კორიდორის გადამწყვეტი  ნაწილი ხდება. ეს არის   გაორმაგებული ეკონომიკური შემოსავლები, კეთილდღეობა და უსაფრთხოება“, – ამის შესახებ  რეგიონული პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხების ანალიტიკოსმა, „კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის“ თავმჯდომარემ, ზაალ კასრელიშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.

კასრელიშვილმა  საქართველოში ვიზიტად  მყოფი, აზერბაიჯანის პრეზიდენტის,   ილჰამ ალიევის  ის  განცხადებები შეაფასა, რომელიც  სამომავლო ენერგეტიკულ პოლიტიკასა და სატრანსპორტო მიმართულებით საქართველოსთან თანამშრომლობას ეხება.

„მსოფლიოსა და რეგიონში მიმდინარე მოვლენები, როგორც ყოველთვის, ჩვენს ქვეყანაზე აისახება ხოლმე. პროცესები აჩქარდა. როგორც პროგნოზს ვაკეთებდით,  პროცესები ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ ზუსტად ისე მიდის. საქართველოს საჭიროება,  საქართველოზე მოთხოვნა, ერთი ასად გაიზარდა.  ველოდებით პროცესების განვითარებას ისე,   რომ საქართველოს საჭიროება ერთი ათასად გაიზრდება.

კონკრეტულად აზერბაიჯანის პრეზიდენტის,   ილჰამ ალიევის ვიზიტს  და იმ მესიჯებს ვეხებით, რომელიც მან საქართველოში დატოვა. ეს მესიჯები მარტო ჩვენ არ დაგვიტოვა, ეს საერთშორისო საზოგადოებისთვის დატოვებული მესიჯებია. მოგეხსენებათ,  რუსეთ-უკრაინის ომმა   მდიდარი, 500 -მილიონიანი მოსახლეობის  მქონე  ევროპის ენერგომატარებლებით მომარაგება შეამცირა. ევროპაში ენერგომატარებლებზე მოთხოვნა ისედაც გაზრდილი იყო, მაგრამ  რუსეთთან დაულაგებელი ურთიერთობების გამო, იმის გამო, რომ რუსეთი სამეზობლოსთან ურთიერთობაში არაადეკვატურია,  500 -მილიონიანმა, მდიდარი ბაზრის მქონე ევროპამ ალტერნატიული გზები მოიძია.  რუსეთ-უკრაინის ომი, ალბათ 2024 წლამდე გასტანს, ყოველ შემთხვევაში 2023 წლის ბოლომდე. ეს ჩვენი ვარაუდია. ვფიქრობთ,   ის შემდეგ რუსეთში სამოქალაქო დაპირისპირებაში გადაიზრდება, როდესაც რუსეთში ხელისუფლებას ძალოვნები ჩაიგდებენ ხელში. ნებისმიერ შემთხვევაში, რუსეთთან ურთიერთობა რომც დალაგდეს, ევროპელებს მომარაგებისთვის  ალტერნატიული გზა მაინც სჭირდებათ.

იდეალური ვარიანტი გაჩნდა:  ყაზახეთის და თურქმენეთის ენერგომატარებლები კასპიის  ზღვის, აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით  თურქეთში ჩავა  და  მთელს ევროპაში თურქეთიდან განაწილდება.   ილჰამ ალიევი ამ გზავნილით ჩამობრძანდა.    ჩვენი ღრმა რწმენით,  ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები დაგვიტოვა.  ჩვენ შორს ვართ იმ აზრისგან, რომ ალიევი   აქ ნიადაგის მოსასინჯად  იყო ჩამოსული.  დარწმუნებულები ვართ, ყაზახეთთან და თურქმენეთთან   მას უკვე ნალაპარაკები აქვს და გარკვეული ტიპის შეთანხმება მიღწეულია. საქართველოში ენერგომატარებლები აღმოსავლეთიდან  გამოივლის  და  თურქეთამდე მივა.  საქართველო  ევრაზიული კორიდორის გადამწყვეტი  ნაწილი ხდება. ეს არის   გაორმაგებული ეკონომიკური შემოსავლები, კეთილდღეობა და უსაფრთხოება. წარმოიდგინეთ,  თურქმენეთის, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის სასიცოცხლო იტერესებშია, რომ საქართველოში  მშვიდობა და სტაბილურობა იყოს. ევროპელებისთვისაც  სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს იმას, რომ საქართველოში მშვიდობა  და სტაბილურობა იყოს, რადგან თავის ენერგომატარებლებს სწორედ  ამ გზით მიიღებენ.  ამის შემდეგ,  ისინი საქართველოში მიმდინარე პროცესების მიმართ, საქართველოზე ზეწოლის შემთხვევაში  არა მარტო  შეშფოთებას გამოხატავენ,  არამედ   თანამონაწილეები იქნებიან იმაში, რომ ჩვენ პრობლემები ერთობლივად მოვაგვაროთ. ეს საქართველოს ძალიან პერსპექტიულს ხდის. როგორც ადრე,  ისე ახლაც, მნიშვნელოვან ფუნქციას და ადგილს ვიკავებთ“, – განაცხადა კასრელიშვილმა.

მისივე თქმით, ახლა  საქართველომ  მომსახურების სფეროში ინფრასტრუქტურა უნდა  გააძლიეროს, პორტების, რკინიგზის, აეროპორტების მოდერნიზება უნდა მოხდეს.

„როდესაც  ენერგომატარებლებზე ვლაპარაკობთ,  აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ძალიან მნიშვნელოვანი რამ – რაც ილჰამ ალიევმა ბრძანა,   ეს გზავნილებია. ჩვენს შესაძლებლობებზეც ორიოდე სიტყვა ვთქვათ, იმაზე ვილაპარაკოთ, რისთვის ვართ მზად.   დღეს მსოფლიოში  ყველაზე დიდი შემოსავლები  კომუნიკაციას და მომსახურების სფეროს აქვს. ჩვენ ორივე ხელში გვიჭირავს.   მომსახურების სფეროში ახლა ჩვენი ინფრასტრუქტურა უნდა  გავაძლიეროთ. რაც გვაქვს მისი  მოდერნიზება უნდა მოვახდინოთ,   ვგულისხმობ პორტებს, რკინიგზას, აეროპორტს.  ჩვენ ავიაგადაზიდვების სერვისი არ გვაქვს, ფოთის და ბათუმის პორტები აუცილებლად მოდერნიზებული უნდა გახდეს, მათი გამტარუნარიანობა  უნდა გაიზარდოს. დადგა დრო, ანაკლიაში პორტიც აღვადგინოთ.  ჩვენი რკინიგზის მოდერნიზებაც უნდა მოხდეს. ეს მარტო ჩვენი ინტერესი აღარაა, ესაა აზიის და ევროპის ქვეყნების ინტერესი. ისინიც კეთილს ინებებენ და ამ საქმეში წილობრივ მონაწილეობას მიიღებენ. გარდა ამისა,  ჩვენ  სტრატეგიული პარტნიორი გვყავს და  დანამდვილებით   ვიცი, რომ არიან უსერიოზულესი კორპორაციები, რომელთაც სურთ, საქართველოში ამ პროცესებში მონაწილეობა მიიღონ. ეს ქვეყანას  ეკონომიკური ზრდის 100 %-იან მატებას და უსაფრთხოებას  მოუტანს.   გამტარუნარიანობა, შესაბამისად,  შემოსავლებიც 100 %-ით გაიზრდება“, – განაცხადა ზაალ კასრელიშვილმა.

ანალიტიკოსის თქმით,  ძალიან დიდი  მნიშვნელობა აქვს იმას,  რომ პარალელურ რეჟიმში სამშვიდობო ფორუმის შექმნაზე მიდის საუბარი.

„რაც შეეხება ჩვენი და აზერბაიჯანის  ხელისუფლების წარმომადგენლების  გუშინდელ შეხვედრას:   ძალიან მომეწონა,  კავკასიელები ერთმანეთს ასე უნდა ხვდებოდნენ, მეგობრულ გარემოში, შინაურულად. ძალიან დიდი  მნიშვნელობა აქვს იმას,  რომ პარალელურ რეჟიმში სამშვიდობო ფორუმის შექმნაზე მიდის ლაპარაკი. სამშვიდობო მოლაპარაკებების პლატფორმა თბილისში უნდა იყოს. პირველ ეტაპზე  ტრიბუნა სომხებს და აზერბაიჯანელებს  შორის კონფლიქტს დაეთმობა, პარალელურად, ამას  აფხაზებსა და ოსებთან  კონფლიქტს მივაბამთ“, – განაცხადა კასრელიშვილმა.

ცნობისთვის,  ალიევის განცხადებით, აზერბაიჯანი აპირებს,  საერთაშორისო ბაზრებზე ექსპორტზე  ელექტროენერგია გაიტანოს  და მათი მარშრუტი აუცილებლად გაივლის საქართველოს,   კასპიის ზღვის გავლით.

ამასთან,  მისივე თქმით, სატრანსპორტო მიმართულებით საქართველოსთან მჭიდროდ უნდა ითანამშრომლონ.

„ასევე, ხაზი უნდა გავუსვა იმ ფაქტს, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ტვირთბრუნვა გაიზარდა 75%-ით. ასევე, ბაქო- თბილისი-ყარსი შესაძლოა, იყოს გამოყენებული, რომ 5 მილიონი ტონით დაიტვირთოს და მომდევნო წელს ამ მიმართულებით მეტი კაპიტალი დაბანდებას მოვახდენთ ამ დერეფანში. ვაპირებთ, ამ მარშრუტის გამოყენებას, რათა კასპიის საშუალებით აზერბაიჯანის და საქართველოს გავლით ევროპისკენ გავიტანოთ ტვირთები და ახალი მარშრუტები დავამუშაოთ. ყველა ქვეყნის ინტერესშია, რომ გაიზარდოს ბაქო-თბილისი-ყარსის მიმართულება და მოხდეს საქართველოს პორტების გამოყენება, რათა ტვირთბრუნვა ცენტრალური აზიიდან ევროპისკენ წავიდეს. მიგვაჩნია, რომ ამ პოტენციალის გაზრდის შესაძლებლობა გვაქვს. ახალი რეალობა იქმნება და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ.

ბაქოს საერთაშორისო სავაჭრო საზღვაო პორტი და მისი პოტენციალი გაიზრდება და კიდევ მეტი ინვესტიცია ჩაიდება. ამ კუთხით, სატრანსპორტო მიმართულებით საქართველოსთან მჭიდროდ უნდა ვითანამშრომლოთ, რადგან ეს უნდა იყოს ერთობლივი ძალისხმევა“, – განაცხადა ალიევმა.

მისივე განცხადებით,  ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი ექსპორტს გაზრდის  და კიდევ უფრო დაიტვირთება; ასევე, სურთ, ექსპორტისთვის  ბაქო-სუფსის ტერმინალი გამოიყენონ.

„წელს ხელი მოვაწერეთ მემორანდუმს აზერბაიჯანსა და ევროკომისიას შორის და მომდევნო 5 წლის განმავლობაში აზერბაიჯანი აპირებს გააორმაგოს მისი ბუნებრივი აირის ექსპორტი ევროპის მიმართულებით. ჩვენ გვაქვს ამის საშუალება და ვაპირებთ, 2027 წლისთვის ექსპორტზე გავიტანოთ ევროპაში თითქმის 20 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი. ეს საკითხი ბუნებრივია, განვიხილეთ საქართველოს პრემიერმინისტრთან. ასევე იქნება ახალი საკითხებიც განსახილველი. ამასობაში, ბაქო-თბილისი- ჯეიჰანის მილსადენი გაზრდის ექსპორტს და კიდევ უფრო დაიტვირთება მილსადენი. ასევე, გვინდა, გამოვიყენოთ ბაქო-სუფსის ტერმინალი. ვიცი, რომ ახლა ეს არ არის ქმედით მდგომარეობაში, მაგრამ გვინდა, რომ დავტვირთოთ ეს არხიც“, – განაცხადა ალიევმა.

თამუნა შეყილაძე   

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები