საქართველოში კიდევ ორი დაცული ტერიტორია დაარსდა
საქართველოში ახალი დაცული ტერიტორიების შექმნის მიზნით, მთავრობის ინიციატივით, ორი კანონპროექტი – „ნუგზარ ზაზანაშვილის სახელობის სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის შექმნისა და მართვის შესახებ“ და „რაჭის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ მომზადდა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, კანონპროექტები პლენარულ სხდომაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა წარადგინა.
„პარლამენტმა „ნუგზარ ზაზანაშვილის სახელობის სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის შექმნისა და მართვის შესახებ“ კანონპროექტი 76 ხმით, ხოლო „რაჭის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ 85 ხმით, პირველი მოსმენით მიიღო.
დღეისათვის, საქართველოს დაცული ტერიტორიების ფართობი თითქმის 800 000 ჰექტარს შეადგენს და ქვეყნის ტერიტორიის თითქმის 12%-ია, წლის ბოლომდე კი დაგეგმილია კიდევ 100 000 ჰექტრით დაცული ტერიტორიების ზრდა.
ნუგზარ ზაზანაშვილის სახელობის სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების გაგრძელებაზე იქმნება და ჯამში 13 ათას ჰექტარ ფართობს მოიცავს. ეს არის პირველი სახელობითი დაცული ტერიტორია, რომელიც აღიარებული მეცნიერის, ნუგზარ ზაზანაშვილის სახელს უკავშირდება.
სამუხის მრავალმხრივი გამოყენების დაცული ტერიტორიის შექმნა ქურციკების პოპულარიზაციის აღდგენას შეუწყობს ხელს და დაცული ტერიტორიების რეჟიმს გაავრცელებს იმ ფართობებზე, რომელიც ბიომრავალფეროვნებით არის გამორჩეული.
რაც შეეხება რაჭის დაცულ ტერიტორიებს, მთავრობის გადაწყვეტილებით, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში, 50 894 ჰექტარ ფართობზე, რაჭის ეროვნული პარკი შეიქმნება
დაცული ტერიტორიების დაარსება ხელს შეუწყობს რეგიონის ბიომრავალფეროვნების, ეკოსისტემების, ლანდშაფტების და ბუნებრივ-კულტურული ფასეულობის დაცვა-შენარჩუნებას.
რაჭის დაცული ტერიტორიების დაარსების შედეგად შეიქმნება ადმინისტრაციული ცენტრი, რეგიონი მიიღებს ეკონომიკურ სარგებელს – ადგილობრივი მოსახლეობისთვის შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები; ტურისტული სერვისები, განვითარდება ინფრასტრუქტურა, მოეწყობა ტურისტული სალაშქრო ბილიკები, საკემპინგე და საპიკნიკე ადგილები, დაინერგება ახალი ტურისტული სერვისები.
აღსანიშნავია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს შორის გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულება, რომლის ფარგლებში, 16.25 მლნ ევრო მოხმარდება სწორედ დაცული ტერიტორიების, მათ შორის, რაჭის დაცული ტერიტორიების ჩამოყალიბებას, ადმინისტრაციების აღჭურვას და განვითარებას, ასევე ადგილობრივი მოსახლეობისთვის სოციალურ-ეკონომიკური პროექტების დაფინანსებას“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.