“ეროსის მკვლელობა, მგონია, რომ შიდა პოლიტიკურ ამბებს უკავშირდება” – პროკურატურამ 250 მოწმე დაკითხა

   ეროსის კიწმარიშვილის ავტომანქანას ამ დღეებში ექსპერტიზა ხელმეორედ ჩაუტარდება, – ამის შესახებ „კვირას“ გარდაცვლილის ძმამ ზურაბ კიწმარიშვილმა განუცხადა.
როგორც „კვირასთან“ გარდაცვლილის ძმამ განმარტა, ეროსი კიწმარიშვილის ავტომანქანას ორი ტიპის ექსპერტიზა ჩაუტარდება.
„ერთ-ერთი იქნება ტექნიკური ექსპერტიზა, რომელსაც შს სამინისტროს ექსპერტები ჩაატარებენ. ექსპერტიზას ასევე დაესწრება ოჯახის მიერ მოწვეული ექსპერტი ზაზა ალთუნაშვილიც“, – აღნიშნა ზურაბ კიწმარიშვილმა.
მისი თქმით, ოჯახი კატეგორიულად გამორიცხავს ეროსი კიწმარიშვილის თვითმკვლელობის ვერსიას.
„ეჭვი, ნამდვილად, არავისზე არ მაქვს. ვფიქრობ, მაგრამ კონკრეტულ ადამიანზე ვერ ვიეჭვიანებ. მაგრამ ერთი რამ არის, რომ გამოვრიცხავ თვითმკვლელობას. უბედური შემთხვევა წარმოუდგენელია, რჩება მხოლოდ და მხოლოდ დანაშაული. დანაშაულის დაშვების შემთხვევაში, ერთადერთი რამ, – ის ძალიან პროფესიონალურად არის ჩადენილი. ეროსი ძალიან დიდ ინფორმაციას ფლობდა. ძველი და ახალი ხელისუფლების სხვადასხვა ბევრ მიმართულებაში იყო ჩახედული და ბევრ რამეს აპირებდა… გეგმავდა, ტელევიზია ჩამოეყალიბებინა… რა ვიცი, აქტიურ ცხოვრებას აპირებდა და შეიძლება რაღაც კუთხით გადაკვეთა ვიღაცის ხაზი. მე მაინც მგონია, რომ შიდა პოლიტიკურ ამბებს უკავშირდება და არა რაიმე სხვა საქმიანობას. ნაკლებ სავარაუდოდ მიმაჩნია, მკვლელობა შურისძიებით, თუმცა დასაშვები ვერსიაა. მაგრამ მაინც მის მომავალ აქტივობებს უფრო ვუკავშირებ, რაც შეიძლება დანაშაულის მოტივი გამხდარიყო“, – განაცხადა „კვირასთან“ საუბრისას ზურაბ კიწმარიშვილმა.
ეროსი კიწმარიშვილის საქმესთან დაკავშირებით, „კვირა“ მთავარ პროკურატურასაც დაუკავშირდა. 10601324_795351860487309_1680028069_n
პროკურატურის პრესცენტრის ინფორმაციით, გამოძიებამ ამ დროისთვის 250-მდე მოწმე დაკითხა.
„ეროსი კიწმარიშვილის საქმესთან დაკავშირებით გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს. ამ ეტაპზე გამოძიებამ 250-ზე მეტი მოწმე დაკითხა. სატელეფონო საუბრების დეტალური ანგარიშების ნაწილი გაიშიფრა და ნაწილის გაშიფვრა კვლავ გრძელდება. ჩატარდა სხვადასხვა სახის ექსპერტიზები, რომელთა პასუხების ნაწილი უკვე მიღებული აქვს გამოძიებას და გამოძიება კიდევ ელოდება სხვადასხვა სახის ექსპერტიზის პასუხებს. როგორც კი ექსპერტიზების პასუხების ერთობლიობა გვექნება სრულად, მეორე დღესვე გასაჯაროვდება“, – აცხადებენ პროკურატურაში.
უწყებაში კატეგორიულად უარყოფენ, სხვადასხვა მედიასაშუალებით გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოსდა შეჩერებულია სამუშაო პროცესი, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

იზა შაქარაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები