ირაკლი კობახიძე: ტრაგიკული შედეგი გამოიწვია კონკრეტულმა გადაცდომამ, გულგრილობამ, სისტემური პრობლემა არ ვლინდება
ტრაგიკული შედეგი გამოიწვია კონკრეტულმა გადაცდომამ, გულგრილობამ, სისტემური პრობლემა არ ვლინდება, ასეთ პირობებში კახა კალაძის პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე საუბარი არის ცარიელი სპეკულაცია და აბსოლუტურად უადგილო, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, თბილისის მერიაში, კალაძის ხელმძღვანელობით, ათასობით პროექტი განხორციელდა, რომლებიც გამორჩეული იყო მაღალი ხარისხით.
„ამ ხუთი წლის განმავლობაში, კახა კალაძის ხელმძღვანელობით, თბილისის მერიაში განხორციელდა ათასობით პროექტი და ეს პროექტები გამორჩეული იყო მაღალი ხარისხით, როგორც ვიზუალური, ისე ტექნიკური თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე, არათუ სისტემური პრობლემა არ არსებობს, პირიქით, სისტემურად, პროექტები ხორციელდება წარმატებით. ამ შემთხვევაში იყო კონკრეტული გადაცდომა, გულგრილობა, რამაც გამოიწვია ტრაგიკული შედეგი, თუმცა, რაც შეეხება სისტემურ პრობლემას, ასეთი სისტემური პრობლემა არ ვლინდება. ასეთ პირობებში საუბარი მერის, კახა კალაძის პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე, არის ცარიელი სპეკულაცია და აბსოლუტურად უადგილო“, – განაცხადა კობახიძემ.