ნიკოლოზ სამხარაძე: ოლაფ შოლცის განცხადება შეგვიძლია, აღვიქვათ, როგორც ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის მხარდამჭერი განცხადება
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ნიკოლოზ სამხარაძის შეფასებით, გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადება შეიძლება, აღქმულ იქნეს, როგორც ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის მხარდამჭერი.
მისივე თქმით, ბოლო ხანებში გერმანიის ოფიციალური პირების მხრიდან საქართველოს ევროკავშირის განუყოფელ ნაწილად მოხსენიება გახშირდა.
„ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც გერმანიის კანცლერი ამბობს ამ სიტყვებს, იმიტომ რომ, მოგეხსენებათ, გერმანიას ერთ-ერთი ყველაზე დიდი წონა აქვს ევროკავშირში და, შესაბამისად, გერმანიის გარეშე ვერცერთი გადაწყვეტილება ვერ მიიღება. ამიტომ, ეს განცხადება შეგვიძლია აღვიქვათ, როგორც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მხარდამჭერი განცხადება, ბოლო ხანებში გახშირდა გერმანიის ოფიციალური პირების მხრიდან საქართველოს ევროკავშირის განუყოფელ ნაწილად მოხსენიება“, – განაცხადა სამხარაძემ.
გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ევროპელი სოციალ-დემოკრატების პარტიის კონგრესზე განაცხადა: „ჩვენ ვართ ევროპის ხალხი და ჩვენი ხმა მთელ ევროპაში უნდა ისმოდეს, ხმელთაშუა ზღვიდან ჩრდილოეთის ზღვამდე, ლისაბონიდან თბილისამდე და მის მიღმა“.