ლევან იოსელიანი: ძალიან მნიშვნელოვანი რეზოლუცია იქნა მიღებული როგორც ევროსაბჭოში, სტრასბურგში, ისე გაეროში
“მოქალაქეების” ლიდერმა ლევან იოსელიანმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას რუსეთის აგრესიულ პოლიტიკაზე ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, მხარი დაუჭირა რეზოლუციის იმ ნაწილს, სადაც საუბარია რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ გამოცხადებაზე. თუმცა, მისივე თქმით, ის არ დაეთანხმა შესწორებას, რომელიც რეზოლუციაში სააკაშვილის შესახებ არსებობს.
იოსელიანის განცხადებით, რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას მთელი ცივილიზებული სამყარო ერთსულოვნად გმობს.
,,ძალიან მნიშვნელოვანი რეზოლუცია იქნა მიღებული როგორც ევროსაბჭოში, სტრასბურგში, ისე გაეროში. როგორც იცით, იქაც იყო მიღებული რეზოლუცია, სადაც დაგმობილია ოთხი რეგიონის ოკუპაცია. ამ რეზოლუციას გაეროში მხოლოდ ხუთმა ქვეყანამ არ დაუჭირა მხარი, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რამდენად იზოლირებულია რუსეთი ცივილიზებული სამყაროსგან.
რაც შეეხება ევროსაბჭოს რეზოლუციას, აქაც სრული კონსოლიდაცია და ერთსულოვნება იყო წარმომადგენლების მხრიდან. ეს რეზოლუცია ძალიან მნიშვნელოვანია თავისი შინაარსით, რადგან ის ადასტურებს რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას, იმას, რომ რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა და ის ისტორიის არასწორ მხარეს დგას. დღეს რუსეთის პოლიტიკას ფაქტობრივად გმობს მთელი ცივილიზებული სამყარო.
ერთადერთი უხერხულობა იყო, რომ ბოლო მომენტში შემოვიდა მეოთხე განმარტება, რაც რეალურად ამ რეზოლუციასთან არანაირ კავშირში არ იყო. პატიმრებზე და ფრჩხილებში არის მითითებული მიხეილ სააკაშვილი. ჩანაწერი უკრაინელი დეპუტატების ინიციატივით შემოვიდა და სხვებმაც მოაწერეს ხელი. რეგლამენტი ითვალისწინებდა შესაძლებლობას, რომ დაუჭირო რეზოლუციას, მაგრამ მის დამატებებს, რომელსაც არ ეთანხმები, მხარი არ დაუჭირო და მე სწორედ ეს გავაკეთე. გავაკეთე განცხადება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პლენარულ სხდომაზე და ვთქვი, რომ მხარი დავუჭირე რეზოლუციას, სადაც საუბარია რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ გამოცხადებაზე. მაგრამ არ დავეთანხმე შესწორებას, რომელიც სააკაშვილის შესახებ არსებობს”, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.
როგორც მან ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პლენარულ სხდომაზე ასევე აღნიშნა, საქართველო სრულად იზიარებს რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ მსოფლიო გზავნილებს. მისი თქმით, იმ ქვეყნისთვის, რომელმაც საკუთარ ტერიტორიებზე უკვე განიცადა რუსეთის აგრესია, შეუძლებელია რუსეთის წინააღმდეგ მიმართული მსოფლიო გზავნილი არ გაიზიაროს. ლევან იოსელიანი ევროსტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ქართველი ხალხის ერთსულოვანი პოზიციაა – იყოს ევროპის განუყრელი ნაწილი და ის თავისი გაცხადებული ევროპული არჩევანის ერთგულია.