ზურაბ აზარაშვილი: ვაკის პარკში დაშავებული ბავშვის საზღვარგარეთ გადაყვანის საჭიროება არ არის, ყველა საჭირო მკურნალობა ადგილზე უტარდება
ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, გუშინ ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის დროს დაშავებული ბავშვის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის საჭიროება ამ ეტაპზე არ არის, თუმცა, მისივე თქმით, სამინისტროს მხრიდან ამ საკითხზე სრული მზადყოფნაა.
„ამ საკითხის განხილვაც მოხდა, მაგრამ ამ ეტაპზე ამის საჭიროება არ არის. თუმცა, ჩვენგან სრული მზადყოფნა იყო გუშინაც და დღესაც. ყველა საჭირო მკურნალობა ადგილზე უტარდება და მნიშვნელოვანი გაუმჯობესებებია“, – განაცხადა აზარაშვილმა.
მინისტრის თქმით, მომხდარ ფაქტზე პასუხისმგებლობას თავადაც გრძნობს.
„პასუხისმგებლობას ამაზე მეც ვგრძნობ. ასეთ ფაქტი არ უნდა მომხდარიყო. ძალიან დამძიმებული ვარ ემოციურად, შიგნით ვიყავი და ბავშვიც ვნახე. მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული ბავშვის მდგომარეობა და ვფიქრობ, ერთი საათის განმავლობაში თავად ექიმი გააკეთებს კომენტარს და იქიდან გაიგებთ ყველა სხვა დეტალს“, – აღნიშნა ზურაბ აზარაშვილმა.