ირაკლი ალასანია მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში პოლიტიკურ დევნას ვერ ხედავს

   თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია Freedom House-ის პრეზიდენტის დევიდ კრეიმერის განცხადებას გამოეხმაურა. ალასანიას განმარტებით, ის, რასაც დევიდ კრეიმერი ამბობს, არის მხოლოდ მისი შთაბეჭდილება. მინისტრი ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში პოლიტიკურ დევნას ვერ ხედავს.
“დევიდ კრეიმერი ჩვენი ქვეყნის და, პირადად, ჩემი დიდი მეგობარია. დიდი პატივს ვცემ მასაც და მის აზრებსაც. მისი სურვილია, რომ საქართველოს იმიჯი იყოს ხელუხლებელი და ის დემოკრატიული, დიდი მონაპოვარი, რაც ქვეყანამ 2012 და 2013 წლის არჩევნებით მიიღო, მთელი რეგიონის ქვეყნებისთვის გახდეს სამაგალითო. რაც შეეხება შთაბეჭდილებებს, ეს მისი შთაბეჭდილებაა, ფაქტები კი არის უტყუარი და არის ის, რომ სასამართლო პროცესი გამჭვირვალედ მიმდინარეობს. აქედან გამომდინარე, მე აქ ვერანაირ პოლიტიკურ დევნას ვერ ვხედავ. ყველას უნდა ახსოვდეს, რომ ხელისუფლებაში ყოფნა არ ნიშნავს ყველაფრის უფლებას”, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ. Freedom House-ის პრეზიდენტი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში გამოეხმაურა. მისი თქმით, იქმნება შთაბეჭდილება, რომ სწორედ ასე იქცეოდა იანუკოვიჩი იულია ტიმოშენკოს წინააღმდეგ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები