ბექა ოდიშარია – ვაკის პარკში დაშავებულ მოზარდზე: ექიმები ოპტიმისტურად არიან განწყობილნი, ბავშვი რჩება რეანიმაციაში, თუმცა, პროცესი მაინც წინ მიდის
„ბატონი დავითი ხელმძღვანელობს რეანიმაციულ პროცესს და, რაც მთავარია, ისინი არიან ოპტიმისტურად განწყობილნი. დანარჩენისგან თავს შევიკავებ, რადგან ბავშვი რჩება რეანიმაციაში და ნაკლებად მძიმე, თუმცა, პროცესი მაინც წინ არის”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ბექა ოდიშარია აცხადებს.
დეპუტატი კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალში“ იმყოფებოდა, სადაც ვაკის პარკში მომხდარი შემთხვევის დროს დაშავებული ბავშვი მკურნალობს.
ოდიშარიას თქმით, ახლა მთავარია, გამოძიება მყისიერი იყოს და პასუხისმგებელი პირები გამოაშკარავდნენ.
“არ დგას დღის წესრიგში საზღვარგარეთ გადაყვანის საკითხი. ეს წუთია, გამოვედი იმ ადამიანების ჯგუფიდან, რომლებიც დღესა და ღამეს ათენებენ დავით ციბაძის ხელმძღვანელობით და დადებითად არიან განწყობილები. ეს არის ის, რისი თქმაც შემიძლია, ოჯახის წევრებისა და მათი გულშემატკივრების გასახარად.
უნდა გამოაშკარავდნენ ადამიანები, რომელთაც ბრალი მიუძღვით უყურადღებობაში და იმაში, რომ ეს ანგელოზი მარიტა აღარ ჰყავს საზოგადოებას, შემდეგ ალბათ დასკვნებს გავაკეთებთ ყველა ერთად“, – განაცხადა ოდიშარიამ.