“ვცდილობდით ჩვენს შვილებთან დაკავშირებას, ზოგმა გვიპასუხა, რომ ვაკის პარკში არიან, ერთობიან და არაფერი იყო საშიში” – რას ჰყვება ერთ-ერთი მოზარდის დედა
ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შესახებ ერთ-ერთი მოზარდის დედა საუბრობს. როგორც ის აღნიშნავს, მშობლები ინფორმირებულნი იყვნენ, რომ მოზარდები სკოლაში არ იმყოფებოდნენ და მათთან დაკავშირებას ცდილობდნენ.
“როგორც კი ბავშვები არ გამოცხადნენ სკოლაში, მაშინვე საერთო ჩატში მოგვწერა დამრიგებელმა. ყველა ვიყავით ინფორმირებულები ამის შესახებ და ვცდილობდით ჩვენს შვილებთან დაკავშირებას. ზოგმა გვიპასუხა, რომ ვაკის პარკში არიან, ერთობიან და არაფერი იყო საშიში. ბავშვებმა დარეკეს და გაგვაგებინეს მომხდარის შესახებ,” – განაცხადა ერთ-ერთი მოზარდის მშობელმა.
დღეს დილით ვაკის პარკში ტრაგიკული შემთხვევა მოხდა. ე.წ. შატალოზე წასული სკოლის მოსწავლეები ვაკის პარკში თამაშობდნენ, რა დროსაც ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ. მის ამოსაღებად ჩასულ 3 ბავშვს კი დენმა დაარტყა. ერთ-ერთი მოზარდი, 13 წლის გოგონა ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლით არის დაწყებული.