„საზოგადოებას უახლოეს მომავალში შევატყობინებთ, რა ბედი ეწევათ მოქალაქეებს, რომლებმაც დაკარგეს ქონება“

   წინა ხელისუფლების პირობებში ქონებაწართმეული მოქალაქეების საქმეებზე გამოძიება ბოლო ეტაპზეა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. პრემიერის ინფორმაციით, პროკურატურამ ამ ტიპის საქმეების სისტემატიზაცია მოახდინა.
მისივე თქმით, საზოგადოება უახლოეს მომავალში შეიტყობს, რა ბედი ეწევათ შესაბამისი კატეგორიის მოქალაქეებს.
“მინდა განვუმარტო მოქალაქეებს, რომელთა უფლებები უხეშად, ძალადობით, სისატიკით ირღვეოდა წლების განმავლობაში, რომ სახელმწიფო, ჩვენ, 24 საათის განმავლობაში ვზრუნავთ მათი უფლებების აღდგენისთვის. პროკურატურამ, პრაქტიკულად, დაასრულა მათ საქმეებზე მუშაობა – საქმეების შესწავლა ბოლო ეტაპზეა და იმედი მაქვს, რომ უახლოეს მომავალში შევატყობინებთ საზოგადოებას, რა ბედი ეწევათ იმ მოქალაქეებს, რომლებმაც დაკარგეს ქონება, ბიზნესი, სიცოცხლე”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერის თქმით, სახელმწიფოს ვალია, რომ აღნიშნული ტიპის ათასობით მოქალაქეს გასცეს პასუხი.
“ჩვენი ვალია, რომ ეს პროცესი ბოლომდე მივიყვანოთ და ჩვენ ამ პროცესს აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე. ყველა დანაშაულს დაერქმევა თავისი სახელი და ჭეშმარიტება სამუდამოდ დადგინდება”, – აღნიშნა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები