სალომე ზურაბიშვილი: ის, რაც ხდება უკრაინის ქალაქებში, სრულიად მიუღებელია მთელი ცივილიზებული სამყაროსთვის

ის, რაც ხდება უკრაინის ქალაქებში, სრულიად მიუღებელია მთელი ცივილიზებული სამყაროსთვის. ჩვენთვის – საქართველოსა და რუმინეთისთვის, ჩვენ რუსული იმპერიული პოლიტიკისა და საბჭოთა პოლიტიკის ძალიან დიდი გამოცდილება გვაქვს და ვიცით, რას ნიშნავს აგრესია, რას ნიშნავს ოკუპაცია, ვიცით რისი გამკეთებელია რუსეთი, ეს ამ აგრესიის კიდევ ახალ განზომილებაში გადასვლაა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუმინეთში ვიზიტისას განაცხადა.
სალომე ზურაბიშვილმა პრესკონფერენციაზე სიტყვით გამოსვლა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე საუბრით დაიწყო და  დაგმო სარაკეტო იერიში უკრაინის მოსახლეობაზე.

“არ შეიძლება, ჩემი გამოსვლა არ დავიწყო იმით, თუ რა ხდება ახლა, ამ წუთას უკრაინაში, ის სასტიკი სარაკეტო იერიში, რომელიც ახლა ხორციელდება უკრაინის მოსახლეობაზე და აქედანაც არ დავგმო! ეს ქვეყანა [რუმინეთი] არის ქვეყანა, რომელსაც ევროკავშირის ქვეყნებიდან, ყველაზე გრძელი საზღვარი აქვს უკრაინასთან, ჩვენ კიდევ უფრო ახლოს ვართ ამ კონფლიქტთან და სრულიად თანავუგრძნობთ უკრაინელ ხალხს.

ის, რაც ხდება უკრაინის ქალაქებში, სრულიად მიუღებელია მთელი ცივილიზებული სამყაროსთვის. ჩვენთვის – საქართველოსა და რუმინეთისთვის, ჩვენ რუსული იმპერიული პოლიტიკისა და საბჭოთა პოლიტიკის ძალიან დიდი გამოცდილება გვაქვს და ვიცით, რას ნიშნავს აგრესია, რას ნიშნავს ოკუპაცია, ვიცით რისი გამკეთებელია რუსეთი, ეს ამ აგრესიის კიდევ ახალ განზომილებაში გადასვლაა.

დღეს ეს ყველაფერი – ის, რაც ისმის, ბირთვული უსაფრთხოების კუთხით, ის რაც ხდება ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სადაც რუსეთი ასევე იწყებს მობილიზაციას, რასაც მთელს რუსეთის ტერიტორიაზე ახორციელებს, იმ სასტიკი აგრესიის გაგრძელებაა, რომელიც დაუშვებელია მშვიდობიანი სამყაროსთვის.

ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი ქვეყნებისა და ევროპისთვის ეს მიუღებელი ფორმაა, ეს წარსულის ფორმაა, რომელიც ვერაფერს მოიტანს და არ ექნება ის შედეგი, რისი იმედიც ჰქონდა მას, ვინც დაიყო ეს აგრესია. არავინ ამას არ დაუშვებს.

ამ აგრესიის წინააღმდეგ მთავარი იარაღი სოლიდარობაა და მე მინდა, აქ გამოვაცხადო უკრაინის მიმართ ქართველი ხალხის სრული სოლიდარობა. ჩვენ ვიცით, დღეს რა მძიმეა მათი მდგომარეობა. საქართველო ყოველთვის და ყველა მხრივ მზად იყო და მზად არის, გამოიჩინოს ეს სოლიდარობა.

ჩვენთან ქვეყანაში, დაახლოებით, 30 000 უკრაინელია, რომელიც გადმოვიდა საქართველოში დროებით ან უფრო დიდი ხნით საცხოვრებლად და ჩვენთვის მთავარია, რომ ჩვენ მათ მივცეთ საშუალება, რომ მშვიდობიანად იცხოვრონ და ყველანაირად ხელი გავუწოდოთ მათ.

მივესალმებით ასევე ევროკავშირის და ამერიკის ძალისხმევას, რომ ყველანაირად დაეხმაროს უკრაინის ამ თავდადებულ ბრძოლას, რომელიც უთუოდ გამარჯვებით უნდა დამთავრდეს, რამეთუ აქ წყდება ჩვენი, ყველას, მთელი ევროპის მშვიდობა, თავისუფლება და დამოუკიდებლობა და ეს ყველას კარგად გვაქვს შეგნებული”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები