შალვა პაპუაშვილი: მზად ვართ გავაგრძელოთ პოზიტიური ტენდენცია და ჩვენს ქვეყნებს შორის პარტნიორობა კიდევ უფრო გავაღრმავოთ

„ჩემთვის დიდი პატივია, საქართველოში ვუმასპინძლოთ ოფიციალური ვიზიტით მყოფ შვეიცარიის კონფედერაციის ფედერალური ასამბლეის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტს, ქალბატონ ირენ ქელინს და თანმხლებ დელეგაციას. მზად ვართ, გავაგრძელოთ ეს პოზიტიური ტენდენცია და ჩვენს ქვეყნებს შორის პარტნიორობა კიდევ უფრო გავაღრმავოთ”,-ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა შვეიცარიის კონფედერაციის ეროვნული საბჭოს (პარლამენტი) პრეზიდენტთან, ირენ ქელინთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, შვეიცარიის პარლამენტის ვიზიტი სიმბოლური და მნიშვნელოვანია, ვინაიდან წელს სრულდება საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციას შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენიდან 30-ე წლისთავი.

მისივე თქმით, თანამშრომლობის 30 წელი მოიცავდა წარმატებულ პარტნიორობას.

„შვეიცარიის პარლამენტის დელეგაციის ვიზიტი სიმბოლური და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან წელს სრულდება 30-ე წლისთავი საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციას შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენიდან. თანამშრომლობის 30 წელი მოიცავდა წარმატებულ პარტნიორობას პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური, საპარლამენტთაშორისო, განვითარების მიმართულებებით. აღსანიშნავია, რომ არსებული თანამშრომლობას დაემატა უკანასკნელ წლებში ისეთი სფეროებიც, როგორებიცაა გარემოს დაცვა, პროფესიული განათლება, ხალხთაშორისი ურთიერთობები და სხვა. განსაკუთრებით ვაფასებთ შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს წვლილს საქართველოს ეკონომიკის და საზოგადოებრივ გარდაქმნებში”,-განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილმა საპარლამენტო კავშირების მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. „განვიხილეთ საპარლამენტო კავშირები, მათ შორის, მეგობრობის ჯგუფებსა და სექტორულ კომიტეტებს შორის პარტნიორობა. ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერება და მეტი ვიზიტისა და შეხვედრის გამართვა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ორმხრივი ურთიერთობების შემდგომ განვითარებაში ჩვენი მოქალაქეების საკეთილდღეოდ”,-განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. პარლამენტის თავმჯდომარემ შვეიცარიის კონფედერაციის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლიერება გამოხატა და თანამშრომლობისა და მეგობრობის გაღრმავების მზადყოფნა დაუდასტურა.

„შეხვედრაზე ვისაუბრეთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ მრავალწლიან ნაყოფიერ თანამშრომლობაზე. ჩვენ მადლიერები ვართ ვაფასებთ შვეიცარიის შუამავლის ფუნქციას საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობებში და, აგრეთვე, შვეიცარიის საელჩოში საქართველოს ინტერესთა სექციის მხარდაჭერას. ქალბატონ ქელინსა და მის კოლეგებს კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას ჩამობრძანებისთვის, ასევე, თანამშრომლობისა და მეგობრობის გაღრმავების მზადყოფნისთვის’,-განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები