ევროკავშირის პროექტის ფარგლებში, საგამოძიებო სამსახურში შეხვედრა გაიმართა
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის – „საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ ფარგლებში, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში საქართველოში აკრედიტებული საელჩოების წარმომადგენლებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, შეხვედრას ესწრებოდნენ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს პოლიციის ატაშე – დიდრიხ ებერსი, საფრანგეთის რესპუბლიკის საელჩოს შიდა უსაფრთხოების ატაშე – ოლივიე ლეფებვრი, ექსპერტი – იგორის კრჟეჩკოვსკისი და გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უფროსი ექსპერტი – ჰენდრიკუს ვან ბოქსმირი.
“სტუმრებს საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელმა პირებმა გააცნეს საგამოძიებო სამსახურის საქმიანობის მიზნები და ამოცანები, ასევე, საფინანსო – ეკონომიკურ დანაშაულთან მებრძოლი უწყების სამუშაო სპეციფიკა. განხილულ იქნა სამსახურის თანამშრომელთა გადამზადებისა და ანალიტიკურ – პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულებით მხარდაჭერის პერსპექტივაც.
შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ თანამშრომლობის კონკრეტულ პრიორიტეტულ მიმართულებებზე”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.