ალექსანდრე თავართქილაძე – „სულაჟერზე“: პრეპარატი ამცირებს და ანეიტრალებს კორონავირუსის როგორც გამრავლებას, ასევე, პოსტკოვიდური სინდრომების ჩამოყალიბებას

„იმედის კვირა“ ქართველ ონკოლოგ ალექსანდრე თავართქილაძეს შეხვდა, რომელიც, ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით, კორონავირუსის საწინააღმდეგო წამალზე – „სულაჟერზე“ მუშაობს. თავართქილაძის სახელი ათობით ქვეყანაში კიბოსთან ბრძოლას უკავშირდება, ახლა საკუთარ სამშობლოში ინოვაციური კვლევის პროცესშია. სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ „სულაჟერს“ ბიოლოგიურად აქტიური დანამატის კლასიფიკაცია უკვე მისცა. მისი გამოყენების რეკომენდაცია იმუნორეზისტენტობის ასამაღლებლად და ფილტვების ქრონიკულად მიმდინარე ინფექციების დროს უკვე გაცემულია.

ქართველი მეცნიერი ამბობს, რომ ანტივირუსული პრეპარატი კოვიდ 19 პირობებში შეიქმნა, თუმცა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ბევრი სხვა გამოწვევის გამოსავლად უნდა იქცეს.

„გამოცდილების საფუძველზე შეგვიძლია, ვთქვათ, რომ კოვიდ 19-თან დაკავშირებით, როგორც სასტარტო, ასევე შემდგომ ეტაპებზეც, ანუ განვითარების სხვადასხვა ციკლზე პრეპარატი ამცირებს და ანეიტრალებს კორონავირუსის როგორც რეპლიკაციას, ანუ გამრავლებას, ასევე, პოსტკოვიდური სინდრომების ჩამოყალიბებას“, – ამბობს თავართქილაძე.

ყველაფერი 2018 წელს დაიწყო, მას შემდეგ ასობით კვლევა რამდენიმე ეტაპად განხორციელდა. როგორც თავართქილაძე ამბობს, ეს დიდ ხარჯებსა და დიდ რისკებთან იყო დაკავშირებული, რაც ცალკეული მედიკოსისა და კლინიკისთვის ხელმისაწვდომი არ არის. თავართქილაძემ დამფინანსებლის ძიება დაიწყო.

„ძალიან ბევრი ნიმუში მქონდა შეგროვებული, რომელსაც პოტენციურად შეიძლებოდა ჰქონოდა ვირუსსაწინააღმდეგო ეფექტი. შევეცადე მის გარკვეულწილად მოდერნიზებასა და მორგება კორონავირუსების ჯგუფის მიმართ. ჩვენი საკუთარი რესურსებით გავაკეთეთ 150-200 დოზამდე წარმოება. გადავწყვიტეთ, მიგვემართა უახლოესი ლაბორატორიისთვის ქალაქ სტამბოლში, სადაც ჩატარდა სრული სპექტრული კვლევა. 20 ათასჯერ განზავებითაც კი პრეპარატი არ კარგავდა ვირუსის მანეიტრალებელ მოქმედებას. შემოგთავაზეს ერთობლივი თანამშრომლობა თურქეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან. სრული ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, ვინაიდან გვინდოდა – საქართველოდან წამოსულიყო [წარმოება], გადავწყვიტეთ საქართველოში გაგვეგრძელებინა კვლევები და პრეპარატი ყოფილიყო ქართული. აქედან გამომდინარე, მივმართეთ რამდენიმე ორგანიზაციას და პირველი, ვინც გამოგვეხმაურა, იყო ბატონი დავით ხიდაშელი და ფონდი „ქართუ“. ფონდი „ქართუ“ ძალიან აქტიურად, მხოლოდ 1 გასაუბრების შემდეგ ჩაერთო პროცესში და წარმოუდგენელი მხარდაჭერა აღმოგვიჩინა“, – განაცხადა თავართქილაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები