ლევან დავითაშვილმა საფოსტო სფეროს წარმომადგენლებს პროფესიული დღე მიულოცა

ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს საფოსტო სფეროს წარმომადგენლებს პროფესიული დღე – ფოსტის მსოფლიო დღე მიულოცა.

„ყოველი წლის 9 ოქტომბერს საერთაშორისო საზოგადოება ფოსტის მსოფლიო დღეს აღნიშნავს, რაც კიდევ ერთხელ გვახსენებს ადამიანებისა და ბიზნესის ყოველდღიურ ცხოვრებაში საფოსტო სექტორის როლს. ამავე დროს, ეს მნიშვნელოვანია ქვეყნების სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებაში ფოსტის წვლილის შესახებ ცნობიერების ამაღლებების თვალსაზრისით.

მინდა, თითოეულ თქვენგანს მადლობა გადაგიხადოთ თქვენი საქმიანობისთვის – საფოსტო სფერო ქვეყანაში ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია და რაც მთავარია, ის ხარისხიან სერვისებთან და მომსახურებასთან ასოცირდება, რაშიც, რა თქმა უნდა, თქვენი უდიდესი წვლილია.

ფოსტის მსოფლიო დღის წლევანდელი თემატიკაა „ფოსტა პლანეტისთვის”, რაც ხაზს უსვამს გლობალური დათბობის და კლიმატის ცვლილებების თვალსაზრისით საფოსტო სექტორის, როგორც გლობალური მოთამაშის როლს საქონლისა და აუცილებელი სერვისების მიწოდებაში, რადგან ფოსტებს აქვს საუკეთესო პოზიცია, იყვნენ ერთ-ერთი პიონერები თავიანთი პარტნიორებისთვის მიწოდების მთელ გლობალურ ჯაჭვში და დანერგონ კლიმატის ცვლილების შედეგებისთვის გასაუმჯობესებლად ახალი მიდგომები.

მსოფლიო საფოსტო სექტორში დასაქმებულია მილიონობით ადამიანი, რომლებიც მუშაობენ 600 000-ზე მეტ ოფისში ორასამდე ქვეყანაში. წელიწადში ასობით მილიარდი საფოსტო გზავნილი ბრუნავს. ეჭვგარეშეა, რომ საფოსტო სექტორს და მის პარტნიორებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა, განახორციელონ ქმედებები ნახშირბადის ემისიების შესამცირებლად.

გამოვთქვამთ იმედს, რომ ფოსტის სფეროს თანამშრომლები, კვლავაც ერთობლივი ძალისხმევით უზრუნველვყოფთ საფოსტო მომსახურებების მაღალი ტემპებით ინოვაციურ განვითარებას და სრულყოფას, რითაც ფასდაუდებელ წვლილს შევიტანთ მსოფლიო კლიმატის ჯანსაღ განვითარებაში.

გისურვებთ წარმატებებს პირად ცხოვრებასა და პროფესიულ საქმიანობაში,” – ნათქვამია მილოცვაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები