თსუ-ის კანცლერი: 10 წელზე მეტ ხანს მუშაობდა უნივერსიტეტში, თავდაპირველად, ტექნიკური გადაცდომა გვეგონა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცლერის, ლაშა საღინაძის განცხადებით, ბუღალტერი, რომელმაც 165 ათასი ლარი მიითვისა, 10 წელზე მეტ ხანს მუშაობდა უნივერსიტეტში.
მისი თქმით, ეჭვის გაჩენის შემდეგ, უნივერსიტეტმა პროკურატურას თავად მიმართა.

“აღნიშნული ადამიანი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 10 წელზე მეტ ხანს მუშაობდა. თავად ფაქტი 2021 წლის დეკემბერს მოხდა. ჩვენს მიერ აღნიშნული გადაცდომის გამოვლენა და თავდაპირველ ეტაპზე ეჭვი მდგომარეობდა შემდეგში, რომ ხომ არ მოხდა ტექნიკური ხარვეზი შეეშალა გადარიცხვა. თავდაპირველ ეტაპზე არ იყო 165 000 ლარზე საუბარი, დაახლოებით 37 000 ლარის დარღვევა იყო აღმოჩენილი, თუმცა ეტაპობრივად, როდესაც თსუ-ის შიდა აუდიტი ჩაერთო, გადარიცხვებში, რადგან თავად ეს ადამიანიც ამას ამბობდა, რომ რეალურად ტექნიკურად ამ პერიოდის განმავლობაში მოხდა ბოლო წლების მასალების გამოკვლევა და აღმოჩნდა, რომ ეს თანხა საბოლოო ჯამში, 165 000 ლარს შეადგენს”, – განაცხადა კანცლერმა.

საღინაძის განმარტებით, ბუღალტერთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირი, რომელიც ასევე დაკავებულია, თსუ-ის თანამშრომელი არ ყოფილა.

“რეალურად გამოძიება უკვე დასრულებულია, ჩვენ ამ პერიოდის განმავლობაში პროკურატურასთან თითქმის მთელი წლის განმავლობაში ვთანამშრომლობთ, მასალები ჩვენი მხრიდან მაქსიმალურად იყო მიწოდებული. ამ მასალების საფუძველზე მოხდა ეს ყველაფერი. მომავალშიც თუ რაიმე საჭიროება გახდა, რა თქმა უნდა, ვითანამშრომლებთ”, – თქვა საღინაძემ.

პროკურატურის ინფორმაციით, თსუ-ის ყოფილმა ბუღალტერმა, მუშაობის პერიოდში, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, უნივერსიტეტის ანგარიშიდან მასთან დაკავშირებული პირის საბანკო ანგარიშებზე გადარიცხა და მიითვისა 165 000 ლარი. გარდა ამისა, ბრალდებულთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფმა პირმა „თიბისი ბანკი” შეცდომაში შეიყვანა თითქოს უნივერსიტეტში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა, რის შედეგადაც უკანონოდ მიიღო 105 000 ლარის კრედიტი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები