მელნიკოვის აღიარებითი ჩვენება – ბრალდებული გვარებს ასახელებს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილმა მაღალჩინოსანმა, ოლეგ მელნიკოვმა აღიარებითი ჩვენება მისცა. მელნიკოვი გირგვლიანის საქმის ყველა ეპიზოდზე თავს დამნაშავედ მიიჩნევს.
როგორც მან აღნიშნა, დათა ახალაიას თხოვნით, მან დაწერილ ჩვენებას ხელი მოაწერა და ახალაიას დაპირდა, რომ სასამართლოში აღნიშნულ ჩვენებას დაადასტურებდა. ამასთან, მელნიკოვმა განაცხადა, რომ გირგვლიანის მკვლელობის შემდეგ დათა ახალაია გენერალურ პროკურატურაში ზურაბ ადეიშვილს ახლდა, შემდეგ კი მიხეილ სააკაშვილთან გამართა შეხვედრა. ამ დროს კი, როგორც მელნიკოვი აცხადებს, იგი ავტომობილში დათა ახალაიას ელოდებოდა. მელნიკოვმა განაცხადა, რომ მაღალჩინოსნებმა შეიმუშავეს გეგმა, დათა ახალაიას დაწერილ გეგმას მიხეილ სააკაშვილიც დაეთანხმა, რომლის მიხედვითაც გირგვლიანის მკვლელობის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტროს 4 თანამშრომლის დაკავებით საზოგადოებაში არსებული პროტესტი უნდა ჩაეხშოთ.
მელნიკოვმა აღიარებით ჩვენებაში ისიც განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ არ მუშაობდა, პლასტიკურ ბარათზე ხელფასი ყოველთვიურად ერიცხებოდა. ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა განმარტა, რომ ვინაიდან მელნიკოვმა აღიარებითი ჩვენება მისცა, მისი ჩვენება ეწინააღმდეგება მისი დასაცავი პირის ინტერესებს და აქედან გამომდინარე, დადგა ადვოკატის აცილების საკითხი, რის გამოც პროცესი შეწყდა.
მელნიკოვის დაკითხვა ოქროყანის ეპიზოდთან დაკავშირებით 18 აგვისტოს გაგრძელდება.