თამარ ტალიაშვილს ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად დანიშვნასთან დაკავშირებით პარლამენტის წევრის უფლებამოსილება შეუწყდება

თამარ ტალიაშვილისათვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზე იმსჯელა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა.

„მოგეხსენებათ, რომ ჩვენი კოლეგა თამარ ტალიაშვილი ევროპის საბჭოში საქართველოს წარმომადგენლის პოსტზე დაინიშნა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი დიპლომატიური პოზიციაა. ასევე მნიშვნელოვანია ეს საქართველოსთვის ევროინტეგრაციის გზაზე, რომ იქ იყოს ადამიანი, რომელსაც აქვს პროფესიული უნარები. სწორედ აქედან გამომდინარე უწყდება მას პარლამენტის წევრის უფლებამოსილება,”, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა.

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ფრაქცია „ქართული ოცნების” წევრის, თამარ ტალიაშვილის საქმიანი გამოცდილება ევროსაბჭოს წარმომადგენლობით სტრუქტურებში საქართველოს თვითმმართველობის დელეგაციის წევრის სტატუსით 2017 წლიდან დაიწყო.
2018 წელს სტრასბურგში ევროსაბჭოს კონგრესმა იგი ამავე ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტის პოზიციაზე აირჩია. საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ფარგლებში 2021 წელს თამარ ტალიაშვილი სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) განათლების, კულტურის, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის კომიტეტის მომხსენებლად აირჩიეს, ხოლო მოგვიანებით, 2022 წლის იანვარში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მედიისა და საინფორმაციო საზოგადოების ქვეკომიტეტის თავმჯდომარედ. თამარ ტალიაშვილი აქტიურად მონაწილეობდა ევროსაბჭოში საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციებისა და ასევე რუსეთის ფედერაციისათვის ევროსაბჭოს წევრობის შეწყვეტის გადაწყვეტილების მიღების პროცესებში. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა შესაბამისი დადგენილების პროექტი მოამზადა, რომელიც პარლამენტს უახლოეს პლენარულ სხდომაზე წარედგინება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები