საქართველოს იუსტიციის მინისტრი ირლანდიელ კოლეგას თანამშრომლობის ახალ ფორმატს სთავაზობს
საქართველოს იუსტიციის მინისტრი ირლანდიელ კოლეგას თანამშრომლობის ახალ ფორმატს სთავაზობს. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, რატი ბრეგაძისა და ჰელენ მაკენტის შეხვედრა დუბლინში ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა და მას იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ ტყეშელაშვილი და მოადგილე ბექა ძამაშვილი ესწრებოდნენ.
რატი ბრეგაძემ ირლანდიელ კოლეგას მადლობა გადაუხადა ოჯახში და გენდერული ნიშნით ძალადობის საკითხებზე კონფერენციის ორგანიზებისათვის. მინისტრმა აღნიშნა, რომ ირლანდიის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის განცხადებით, ირლანდიისა და ჩვენი ქვეყნის თანამშრომლობა ბოლო წლებში საგრძნობლად გააქტიურდა.
რატი ბრეგაძემ ჰელენ მაკენტის ორი ქვეყნის იუსტიციის სამინისტროებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების საკუთარი ხედვა წარუდგინა და ორ უწყებას შორის მემორანდუმის გაფორმება შესთავაზა, რომელიც გაითვალისწინებს უფრო მჭიდრო თანამშრომლობას მართლმსაჯულებისა და სამართლის უზენაესობის სფეროში ადამიანის უფლებების, ელექტრონული მმართველობის, პენიტენციური და პრობაციის სისტემების მიმართულებით.
მინისტრმა აღნიშნა, რომ მართლმსაჯულების სერვისების დიგიტალიზაცია წარმოადგენს როგორც საქართველოს, ისე ირლანდიის იუსტიციის სამინისტროების პრიორიტეტს, რაც კარგი საფუძველია ამ სფეროში თანამშრომლობისათვის.
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ირლანდიელ კოლეგას იუსტიციის სამინისტროს ათწლიანი სტრატეგიის ძირითადი მიმართულებები გააცნო. საუბარი შეეხო ქართული კანონმდებლობის ევროპულთან დაახლოების პროცესს, იუსტიციის სამინისტროს სერვისების დიგიტალიზაციას, პენიტენციურ და პრობაციის სისტემაში მიმდინარე რეფორმებს, მათ შორის, ციფრულ უნივერსიტეტს.
რატი ბრეგაძემ ჰელენ მაკენტი საქართველოში მოიწვია და იმედი გამოთქვა, რომ ამ ვიზიტის ფარგლებში შესაძლებელი გახდება ორი ქვეყნის იუსტიციის სამინისტროებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება.ი