რატომ ჩავიდა ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში – ზაალ კასრელიშვილის მოსაზრება

„ლუკაშენკომ აფხაზეთი ოფიციალურად არ აღიარა, მაგრამ თავისი ვიზიტით აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება ირიბად აღიარა“, – ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას რეგიონული პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხების ანალიტიკოსმა, „კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის“ თავმჯდომარემ, ზაალ კასრელიშვილმა განაცხადა.

კასრელიშვილი ოკუპირებულ აფხაზეთში ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტს გამოეხმაურა.

„ამას წინ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით პესიმისტური პროგნოზი გავაკეთეთ, სადაც აღვნიშნეთ, რომ რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა ზეწოლის გზით შეეცდებოდა, საქართველოს ხელისუფლება არასასიამოვნო გადაწყვეტილებაზე იძულებით დაეყოლიებინა. ვამბობდით, რომ რუსეთის მიზანია, საქართველოს ხელისუფლება აიძულოს, აფხაზეთის და ცხინვალის ე.წ. დამოუკიდებლობა ცნოს ან მათი დაბრუნება ძალისმიერი მეთოდებით სცადოს. ამ პროცესების პირველ ნაბიჯს ბელარუსის ე.წ. პრეზიდენტის, ვინმე კოლმეურნეობის თავმჯდომარის, ლუკაშენკოს აფხაზეთის ტერიტორიაზე ვიზიტით ვხედავთ. ლუკაშენკო აფხაზეთის და ცხინვალის ე.წ. დამოუკიდებლობისადმი გულგრილი არც ადრე იყო, ახლა კი, როცა მისი ბედი და მომავალი მთლიანად რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობის წარმატებასა და წარუმატებლობაზეა დამოკიდებული, ე.წ. შუამავლის როლს ასრულებს.
ლუკაშენკომ აფხაზეთი ოფიციალურად არ აღიარა, მაგრამ თავისი ვიზიტით აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება ირიბად აღიარა. მან აფხაზეთის ე.წ. პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან რამდენჯერმე მოიხსენია „აფხაზეთის მიწა“ და „აფხაზეთის რესპუბლიკა“, – განაცხადა კასრელიშვილმა.

ანალიტიკოსის თქმით, ვიზიტი რამდენიმე გზავნილს შეიცავდა.

„რასაც ვამბობ, ეს შეთანხმებულია საერთაშორისო ორგანიზაციის, „კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის“ გამგეობასთან. ჩვენი მოსაზრებით, ლუკაშენკოს აფხაზეთში ვიზიტი რამდენიმე გზავნილს შეიცავდა. არ გამოვრიცხავთ, რომ იქ ბიჭვინთასა და რუსეთის სხვა ინტერესებზე იყო საუბარი, მაგრამ, ჩვენი აზრით, ეს მთავარი არ იყო. ლუკაშენკოს ჩასვლით აფხაზებისა და ოსების მიმართ პირველი გზავნილი იყო შემდეგი: ჩვენ თქვენ არ მიგვიტოვებიხართ, არ მიგატოვებთ, სამხედრო თვალსაზრისითაც გაგაძლიერებთ და ეკონომიკურითაცო. მოგეხსენებათ, „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ კონფერენცია გაიმართა, სადაც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლაში ვერანაირი დახმარება და მხარდაჭერის გარანტიები ვერ მიიღო, რითაც, პრაქტიკულად, ამ ორგანიზაციამ თავისი მისია ამოწურა. როგორც ჩანს, რუსეთი ახალი გაერთიანების გაკეთებას შეეცდება. ეს გაერთიანება იქნება სტალინური ავტონომიები და რუსეთის მიერ დაპყრობილი ტერიტორიები: დნესტრისპირეთი, ლუგანსკი, დონეცკი, ყირიმი, ცხინვალი, აფხაზეთი. ვფიქრობთ, ლუკაშენკომ აფხაზეთში, პირველ რიგში, ეს გზავნილი ჩაიტანა. მეორე გზავნილი დასავლეთისთვის იყო. რუსეთი დასავლეთს ეუბნება, რომ ის ისევ კავკასიაშია და ამ ტერიტორიებით ბოლომდე მანიპულირებას და ვაჭრობას შეეცდება როგორც თურქეთთან, ისე – დასავლეთთან. მესამე გზავნილი, რომელიც ლუკაშენკოს ვიზიტს ახლდა, კავკასიელებისთვის გახლავთ. რუსეთის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური „მოღვაწეობით“ კარგად იცის, რომ კავკასია ძალიან უკმაყოფილოა, დუღილის წინა პერიოდია და ამით კავკასიელებს უთხრა, რომ ის აქაა, ისევ ძალას იხმარს, მზადაა, აფხაზების და ოსების მეშვეობით როგორ ჩრდილო, ისე სამხრეთ კავკასიაში თავისი სამხედრო გავლენები გააძლიეროს და გამოიყენოს. რა თქმა უნდა, ეს უანგაროდ არ იქნება, რუსეთი აფხაზეთიდან და ოსეთიდან ხალხს ომში გაიწვევს. ჩვენი ღრმა რწმენით, ამ გაწვევების მიზანია, აფხაზეთი ქართველებისგან დაცალონ. აფხაზი სამხედრო კომისარი, პირველ ყოვლისა, ომში ქართველებს გაიწვევს და არა აფხაზებს. ეს მათი გაგებით იმის საშუალებაა, რომ აფხაზეთში ე.წ. არჩევნების დროს ქართველების ხმების რაოდენობა შეამცირონ, ან მასზე კონტროლი დააწესონ.
ლუკაშენკოს აფხაზეთში გამოჩენის მეოთხე გზავნილი, ჩვენი, ქართული ოპოზიციისთვის გახლდათ.ეს იყო მესიჯი ოპოზიციისთვის: აჯანყდით დ მოქმედ ხელისუფლებას შეებრძოლეთო. ოპოზიციამ ამოწურა შესაძლებლობები, მას არ აქვს თემა, რესურსი. რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან ქართული ოპოზიციისადმი ეს თემაა, რათა ამით ხელისუფლებას დაუპირისპირდეს. აქ რუსეთს არეულობა უნდა. ეს საქართველოს მმართველ პარტიაზე რუსეთის პირდაპირი ზეწოლაა. „ქართული ოცნების“ ადვოკატი არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ იმის თქმა მინდა, რომ რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობისთვის სულ ერთია, ვინ იქნება საქართველოს სათავეში, მისთვის მთავარია ხელისუფლება იმ პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე იძულებით დაიყოლიოს, რაც მას აწყობს. ამისთვის ყველა მეთოდს გამოიყენებს, მათ შორის, ოპოზიციის ზეწოლას, ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფით მანიპულირებს და მეხუთე კოლონის დაფინანსებსაც. 2012 წლიდან 1-ელი ოქტომბრიდან დღემდე მმართველი პარტია ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობისთვის აგრესიის და ზეწოლის მიზეზი არ მიეცა. ნაცვლად მადლიერებისა, ჩვენ ზეწოლა ვნახეთ. რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა თავად დაიმალა და ვიღაცა, ვირ-ეშმაკა კოლმეურნეობის თავმჯდომარე საქართველოში სიტუაციის ასარევად გამოუშვა“, – განაცხადა კასრელიშვილმა.
ცნობისთვის, ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში 28 სექტემბერს ჩავიდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები