“ხალხის ძალა”: ვგმობთ ალექსანდრე ლუკაშენკოს ე.წ. ვიზიტს აფხაზეთში, როგორც უკიდურესად არასწორ და არამეგობრულ ნაბიჯს
“ვგმობთ ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს ე.წ. ვიზიტს აფხაზეთში, როგორც უკიდურესად არასწორ და არამეგობრულ ნაბიჯს. გამოვთქვამთ იმედს, რომ ბელარუსის ხელისუფლების მიერ არ გადაიკვეთება საბოლოო წითელი ხაზი ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობებში და არ მოხდება აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება”, – ამის შესახებ პარლამენტის წევრებისა და მოძრაობა “ხალხის ძალას” ლიდერების: სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძის, გურამ მაჭარაშვილისა და მიხეილ ყაველაშვილის განცხადებაშია ნათქვამი.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ქართველებისა და აფხაზების სამომავლო ძმური თანაცხოვრება მშვიდობიანი ფორმით უნდა იქნეს უზრუნველყოფილი.
“ჩვენი მიზანია აფხაზებთან ძმური თანაცხოვრების აღდგენა, რისი ერთ-ერთი აუცილებელი პირობა ქართველებისა და აფხაზების კიდევ ერთი შეიარაღებული დაპირისპირების არდაშვებაა.
სწორედ მშვიდობიანი ფორმით უნდა იქნეს უზრუნველყოფილი ქართველებისა და აფხაზების სამომავლო ძმური თანაცხოვრება ერთიან ქართულ სახელმწიფოში.
ამ მიდგომიდან და მიზნიდან ვერ უნდა გადაგვახვევინოს ვერავითარმა პროვოკაციამ, საიდანაც უნდა მომდინარეობდეს ის”, – წერია განცხადებაში.