ჩავუშოღლუ: თურქეთი ზელენსკის და პუტინის მოლაპარაკებების შესაძლებლობაზე მუშაობს
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ ანკარა აგრძელებს ძალისხმევას, რათა მოხდეს რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტების დაახლოება, დიპლომატიური მოლაპარაკებების დაწყების მიზნით.
ამის შესახებ მან ტოკიოში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, – წერს Daily Sabah.
“ომს გამარჯვებული არ ჰყავს. ომის დასასრულებლად, დიდი ალბათობით, მოლაპარაკებების მაგიდასთან მოგვიწევს დაბრუნება, როგორც კი ორივე მხარე ამას გაიაზრებს. უნდა იყოს სამართლიანი მშვიდობა, განსაკუთრებით – უკრაინისთვის. ოკუპირებული ტერიტორიები უკრაინის ტერიტორიაა“, – განაცხადა ჩავუშოღლუმ.
დიპლომატმა დასძინა, რომ „უნდა დავარწმუნოთ ის ლიდერებიც, რომლებსაც ომის გაგრძელება სურთ”.
“თურქეთი არ კარგავს იმედს, გავაგრძელებთ ჩვენს ძალისხმევას. ჩვენი პრეზიდენტი გააგრძელებს პუტინსა და ზელენსკისთან კონტაქტებს, რომ მოხდეს ორი ლიდერის გაერთიანება, რათა უზრუნველყოს ლიდერების დონეზე გადაწყვეტილების მიღება. ომის ფასს მთელი მსოფლიო იხდის”, – დასძინა ჩავუშოღლუმ.