„თბილისი ენერჯი“: შემოწმებული 205 731 აბონენტიდან 7 700- ს დანადგარი დარღვევით ეყენა, რაც მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნიდა

გაზგამანაწილებელი კომპანია „თბილისი ენერჯის“ ტექნიკური დირექტორის მოადგილის, გიორგი ლეფსვერიძის განცხადებით, კომპანია აბონენტების ბინებს ამოწმებს. მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის შემოწმებული 205 731 აბონენტიდან 7 700- ს დანადგარი დარღვევით ეყენა, რაც მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნიდა. ამის შესახებ ლეფსვერიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

„ჩვენმა კომპანიამ წელს ყველა აბონენტის მასშტაბური შემოწმება დაიწყო. ამ დრომდე, 205 731 აბონენტია შემოწმებული, ნებისმიერთან შევდივართ, რასაც კანონმდებლობა გვავალდებულებს და იქ დანადგარების რევიზია ხდება, არასწორად დამონტაჟებული დანადგარები ქსელიდან იხსნება. 205 731 აბონენტის შემოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ 7 700 აბონენტს დანადგარი დარღვევით ეყენა, რაც მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნიდა. მიუხედავად ჩვენი მხრიდან გაწეული დიდი შრომისა, 24 -საათიანი მუშაობისა, მოსახლეობაში მაინც გვხდება არასწორად დამონტაჟებული დანადგარები, ღია წვის კამერიანი დანადგარები, რომელიც სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველია“, – განაცხადა ლეფსვერიძემ.
მისივე თქმით, შემოწმება სრულიად უფასოა.
„მინდა, ჩვენს აბონენტებს მივმართო: ჩვენი წარმომადგენლები შემოწმებაზე აუცილებლად დაუშვან, ხელი არ შეუშალონ. ეს გეგმური შემოწმებაა. ამას გარდა, ჩვენ ზამთრის დადგომამდე კონტინგენტი დავამატეთ, რათა მოქალქეების ბინები შემოწმდეს. ეს შემოწმება სრულიად უფასოა. ყველას მოვუწოდებთ, როდესაც ბინებში არასწორად დამონტაჟებულ დანადგარს აღმოვაჩენთ და ჩავხსნით, არსებულ ქსელზე ისევ არ მიაერთონ და ჩვენი თანამშრომლების მითითებებს ყური უგდონ“, – განაცხადა ლეფსვერიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები