საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ქუთაისში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში საპოლიციო ღონისძიების წარმატებით დასრულებისთვის პოლიციელებს მადლობა გადაუხადა.
მისივე თქმით, პოლიციელებმა, მათ შორის, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად უზრუნველყვეს მძევლად აყვანილი მოქალაქეების უსაფრთხოება.
„ის, რაც გუშინ ვიხილეთ – ჩვენი პოლიციელების ქცევა, ჩვენ, მთელი მოსახლეობა ვაკვირდებოდით, რომ მათ შორის საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, როგორ უზრუნველყოფდნენ მძევლად აყვანილი მოქალაქეების უსაფრთხოებას და საბოლოო ჯამში, ამ საკითხის ასე დასრულებას. ეს იყო ის, რაც ჩვენ კონცენტრირებულად, რამდენიმე საათის განმავლობაში ვნახეთ. ყოველ მათ ასეთ გმირობას შეიძლება, ვერ ვამჩნევდეთ, ვერ ვხედავდეთ, მაგრამ ეს არის მათი ყოველდღიური საქმიანობა. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს პოლიციას მათი საქმიანობისთვის და მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე.
ქუთაისში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიარაღებული პირი გუშინ შეიჭრა. შსს-ს ინფორმაციით, დიდი ოდენობის თანხის დაუფლების მიზნით თავდამსხმელმა 14 პირი მძევლად აიყვანა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მძევლად აყვანილი ყველა ადამიანი ეტაპობრივად გაათავისუფლა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა თავდამსხმელი ბრალდებულის სახით ადგილზე დააკავეს. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.