სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა უფლებადამცველ ორგანიზაციებს და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებს სამსახურის საქმიანობის 6 თვის შედეგები გააცნო
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა უფლებადამცველ ორგანიზაციებს და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებს სამსახურის საქმიანობის 6 თვის შედეგები გააცნო
ღონისძიება ევროპის საბჭოს პროექტის – ,,ადამიანის უფლებების დაცვით საპოლიციო ზომების გატარება საქართველოში“ ფარგლებში გაიმართა.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ წარდგენილ ექვსი თვის ანგარიშში მთავარი აქცენტი სამართალდამცველების მიერ ჩადენილი არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიების სტატისტიკურ მონაცემებზე და ამ მიმართულებით გახსნილი საქმეების მაჩვენებელზე გაკეთდა.
ანგარიშის მიხედვით, მნიშვნელოვნად გაზრდილი დატვირთვისა და მცირე ადამიანური რესურსის მიუხედავად, სამსახურმა 6 თვეში, ქვემდებარე დანაშაულების გამოძიების შედეგად 34 პირი ამხილა, რომელთა მიმართაც დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა, მათგან 16 საჯარო მოხელე, ხოლო 18 მოქალაქე იყო. რაც შეეხება უშუალოდ არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიებას, სამსახურმა 6 თვეში სისხლის სამართლის 6 საქმე გახსნა.
აღნიშნული შედეგი საგამოძიებო ორგანოს წინა წლის მთლიან პერიოდს უტოლდება, ხოლო 2020 წლის მაჩვენებელს საგრძნობლად აჭარბებს.
ასევე, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის ექვსი თვის შედეგების პრეზენტაციაზე, ყურადღება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ პროკურატურისთვის გაგზავნილი წინადადების სტატისტიკურ მაჩვენებლებზე გამახვილდა, რაც სამსახურისთვის კანონით მინიჭებულ ექსკლუზიურ უფლებამოსილებას წარმოადგენს და მნიშვნელოვან როლს ასრულებს უწყების მიერ დამოუკიდებლად გამოძიების წარმართვის პროცესში.
კერძოდ, საგამოძიებო უწყების მიერ საქართველოს პროკურატურისთვის გაგზავნილი 13 დასაბუთებული წერილობითი წინადადებით მოთხოვნილ იქნა, როგორც სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება, ასევე საგამოძიებო მოქმედების ჩასატარებლად სასამართლოსგან განჩინების აღება. აქედან პროკურატურის მიერ 10 წინადადება სრულად დაკმაყოფილდა, 1 წინადადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ხოლო უარი – 2 წინადადებაზე ითქვა.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა ინსტიტუციური და ორგანიზაციული განვითარების პროცესს და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განვითარების მიზნით, სამსახურის ახალი ორგანიზაციული სტრუქტურის ჩამოყალიბებას.
„დღეს წარვადგინეთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საქმიანობის 6 თვის ანგარიში, სადაც ნათლად გამოჩნდა, რომ მიუხედავად გაზრდილი დატვირთვისა და იმ მცირე რესურსისა, რომელიც ამ ეტაპზე სამსახურს გააჩნია, საქმიანობის ექვს თვიანი პერიოდში, ჩვენ გვქონდა გახსნილი სისხლის სამართლის საქმეების მაღალი მაჩვენებელი, როგორც ძალადობრივი სამოხელეო დანაშაულის მიმართულებით, ასევე ისეთი მნიშვნელოვანი ტიპის საქმეებზე, რომლებიც ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტების გამოძიებას და პირადი ცხოვრების საიდუმლოების ხელყოფის ფაქტებს უკავშირდება. ჩვენ მიზნად დავისახეთ ღია და გამჭვირვალე საქმიანობა. ამ მიზნით მომავალშიც აქტიურად ვგეგმავთ უფლებადამცველ ორგანიზაციებთან და სახალხო დამცველის აპარატთან მჭიდრო თანამშრომლობას და რა თქმა უნდა, საზოგადოების ინფორმირებას სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საქმიანობის თაობაზე.“ – განაცხადა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა კოკა კაციტაძემ.
6 თვის ანგარიშის პრეზენტაციაზე, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა კოკა კაციტაძემ სახალხო დამცველის აპარატთან, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
„ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი ტიპის ანგარიშები, ვინაიდან საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულება, ღიაობა ნებისმიერი საგამოძიებო სტრუქტურისთვის და განსაკუთრებით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. სახალხო დამცველის აპარატი ძალიან დეტალურად ამონიტორინგებს და აკვირდება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საქმიანობას და ცხადია, ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ ამ ფუნქციის შესრულებას.“ – განაცხადა სახალხო დამცველის აპარატის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გვანცა ჩხაიძემ.
„ნებისმიერი საჯარო დაწესებულების, განსაკუთრებით, საგამოძიებო ორგანოების გამჭვირვალობა არის ანგარიშვალდებულების აუცილებელი წინაპირობა. ასევე, გამჭვირვალობის შესაბამისად მიღებული ჯანსაღი კრიტიკის გააზრება სამსახურის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ვხედავთ, რომ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ამ თვალსაზრისით აქვს მზაობა და თავის შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმალურს აკეთებს იმისთვის, რომ იყოს უფრო მეტად გამჭვირვალე. იმედს გამოვთქვამთ, რომ სამსახურის განვითარება და გაძლიერება გაგრძელდება.“ – განაცხადა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მთავარმა იურისტმა გიორგი დავითურმა.
„საქმიანობის ანგარიშის გაცნობა საზოგადოებაში ამაღლებს ნდობასაც და სამსახურსაც სამომავლო განვითარებაში ეხმარება. ამგვარი ანგარიშების პრეზენტაციის დროს ხშირად ხდება დისკუსია, როგორი დისკუსიაც დღეს გაიმართა, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსაც გვეძლევა საშუალება, ჩვენი რეკომენდაციები და წინადადებები გავუზიაროთ სამსახურს, რაც ერთის მხრივ, გვეხმარება ინფორმაციის მიღებაში და მეორეს მხრივ, მიმაჩნია, რომ სამსახურსაც ეხმარება გაძლიერებაში.“ – განაცხადა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ანალიტიკოსმა ფატი ჩაფიჩაძემ.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური, გამჭვირვალობისა და საზოგადოების ინფორმირების მიზნით, ანგარიშს ყოველ სამ თვეში აქვეყნებს. ოქტომბრის თვეში კი საქმიანობის ექვსი თვის შედეგების პრეზენტაციის გამართვას გაფართოებულ ფორმატში გეგმავს.
შეხვედრას სპეციალური საგამოძიებო სამსახურის, არასამთავრობო ორგანიზაციების და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.