რესპუბლიკურ საავადმყოფოში პედიატრიული ამბულატორია გაიხსნა
აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის ისტორიაში პირველად, პედიატრიული ამბულატორიული დეპარტამენტი გაიხსნა. ამბულატორია საკმაოდ მრავალფეროვან სერვისებს მოიცავს და თანამედროვე სამედიცინო აპარატურით არის აღჭურვილი, ადგილზე კი პროფესიონალი ექიმების გუნდი სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს. გარდა ამისა, ოქტომბრის თვიდან რესპუბლიკურ საავადმყოფოში სტაციონარული პედიატრიული განყოფილებაც იხსნება, სადაც ხელმისაწვდომი იქნება როგორც კონსერვატიული მკურნალობა, ასევე, ქირურგიული ოპერაციები და გადაუდებელი მომსახურება.
თუ რა სერვისებსა და სიახლეებს სთავაზობს რესპუბლიკური საავადმყოფო პაციენტებს, დეტალურად, რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი, ლიანა ჭუმბურიძე გვესაუბრება და აღნიშნავს, რომ ახალ ამბულატორიულ ცენტრში შესაძლებელია სრული ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევები.
„1-ელ სექტემბერს რესპუბლიკურ საავადმყოფოში, პირველად ამ ჰოსპიტლის ისტორიაში, გაიხსნა პედიატრიული ამბულატორიული დეპარტამენტი – ის მოიცავს როგორც მაღალტექნოლოგიურ კვლევებს, კომპიუტერულ ტომოგრაფიას, მაგნიტორეზონანსულ ტომოგრაფიას, ასევე, სრულ ლაბორატორიულ და ინსტრუმენტულ კვლევებს. გარდა ამისა, პროცესში ჩართულები არიან სხვადასხვა მიმართულების პედიატრები, ენდოკრინოლოგები, უროლოგი, გასტროენტეროლოგი, ალერგოლოგი, ოტორინოლარინგოლოგი, ოფთალმოლოგი, ტრავმატოლოგი და ნევროლოგი. ფაქტობრივად, სრული სპექტრი უკვე შეკრულია, თუმცა, მომავალში ვაპირებთ სხვადასხვა მიმართულების დამატებას, ყოველდღიურად შეგვიძლია, მივიღოთ ბავშვები დილის 10 საათიდან საღამოს 6 საათამდე“, – აღნიშნავს ლიანა ჭუმბურიძე.
რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი ამბობს, რომ აღნიშნული ცენტრის გახსნა ძალიან მნიშვნელოვანია მოსახლეობისთვის, რადგან ხარისხიანი პედიატრიული მომსახურების მიღება მათთვის უფრო ხელმისაწვდომი გახდა.
„ზოგადად, რესპუბლიკური საავადმყოფო არის ძალიან ტრადიციული დაწესებულება თავისი ისტორიითა და პროფესიონალი ექიმებით. ასევე, გასათვალისწინებელია ამ კლინიკის ხელმისაწვდომობა, რადგან ქალაქის ცენტრში მდებარეობს და გარშემო ერთ-ერთი ყველაზე დიდი უბნებია. აქედან გამომდინარე, მოსახლეობისთვის უფრო მეტად ხელმისაწვდომი გახდა პედიატრიული სერვისების მიღება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, – ამბობს ლიანა ჭუმბურიძე.
რაც შეეხება რესპუბლიკური საავადმყოფოს სამომავლო გეგმებს. როგორც კლინიკის გენერალური დირექტორი აცხადებს, პედიატრიული მიმართულებით კიდევ ერთი სიახლე ინერგება. ოქტომბრის თვიდან სტაციონარული პედიატრიული დეპარტამენტი გაიხსნება. პირველ ეტაპზე, მომსახურება კონსერვატიულ მკურნალობას და გადაუდებელ სერვისებს მოიცავს
„ამ ეტაპზე, ჩვენ გვაქვს კოვიდ პედიატრიული თერაპია და ბავშვთა რეანიმაცია. თუმცა, უკვე ოქტომბრის დასაწყისიდან დაემატება არაკოვიდპედიატრიული სტაციონარული სერვისები: კონსერვატიული მკურნალობა, გეგმური და გადაუდებელი ქირურგიული მკურნალობა, ტრავმატოლოგია და სხვა. სრული რეაბილიტაციის შემდეგ, რომელსაც დაახლოებით წელიწად-ნახევარი დასჭირდება, დეპარტამენტი მოიცავს აბსოლუტურად ყველა პედიატრიულ სერვისს: კარდიოქირურგია, ნეიროქირურგია, ბავშვთა ონკოჰემატოლოგია, ონკოლოგია, ნეფროლოგია და სხვა. გარდა ამისა, გვექნება სხივური თერაპიის დეპარტამენტი.
აღსანიშნავია, რომ, რესპუბლიკური საავადმყოფოს სრული რეაბილიტაციის შემდეგ, ჩვენ ვიქნებით ერთ-ერთი ყველაზე დიდი – პედიატრიული სერვისების მქონე დაწესებულება, რომელიც გათვლილი იქნება 150 საწოლზე ყველა სამედიცინო მომსახურებით, რომელიც დღესდღეობით არის არა მხოლოდ საქართველოს, არამედ – მსოფლიოს წამყვანი კლინიკების ბაზარზე.