გიორგი ცუცქირიძე: დასავლეთს ამ ხელისუფლების შეცვლა რომ სურდეს, არც პრემიერმინისტრის ასე წარმატებული ვიზიტები შედეგებოდა ბრიუსელსა და ბერლინში, არც გერმანიის კანცლერ შოლცის სიტყვებია ჰაერში ნასროლი ქართულ ევროპულ პერსპექტივაზე

“დიდი თამაშები” და საქართველო (ნაწილი მერვე)

რუსული იმპერიის რყევის და ფაქტიური დასასრულის ეპოქაში, რაც ისტორიული კანონზომიერებით არის განპირობებული, რადგან “საერთო შემკვრელის” იდეის გარეშე ყველა იმპერია განწირულია არსებობისათვის, ხოლო ანტიდასავლური დისკურსი ვერ გამოდგება იმპერიული ცენტრის შესაკვრელად, ვფიქრობ, ორიენტაციის საკითხი – დასავლეთი თუ აღმოსავლეთი ისევ დგას ჩვენ წინაშე”, – ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტი, გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.

“საქართველოში, ქართული ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის დისკურსში XIX საუკუნიდან მოყოლებული, სამი პარადიგმა იდგა: ვეროპოცენტრისტული, აზიაცენტრისტული და სინთეზური. პირველის მხარდამჭერი და პროპაგანდისტი სოლომონ დოდაშვილი და ილია ჭავჭავაძე იყო. სწორედ ილიას შემოტანილია საქართველოში სიტყვა „ევროპეიზმი“. ის, რასაც ილია 1889 წელს თავის ცნობილ წერილში – აზია წინათ და ახლა აზიას თავის თავში ჩაკეტილობასა და უმოქმედობას საყვედურობს და მომავალ წარმატებას ევროპასა და ამერიკას უწინასწარმეტყველებს, ხოლო „ევროპეიზმის ბრწყინვალე წარმომადგენლად“, ნიკოლოზ ბარათაშვილს მიიჩნევდა, ვფიქრობ, დღესაც არანაკლებად აქტუალურია.

მართალია, თამედროვე ჩინეთის მაგალითზე კარჩაკეტილობაზე ხაზგასმა დროსთან აცდენილია, თუმცა, გეო პოლიტიკური აზია შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის (შთო) წევრი ქვეყნების სახით, ჩვენთვის ვერ იქნება დასავლეთის ალტერნატივად, ამ ქვეყნების ცხოვრების წესიდან და ავტორიტარული გნებავთ ავტოკრატიული პოლიტიკური სისტემებიდან გამომდინარე.

შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციაში (შთო)ჩინეთსა და რუსეთთან ერთად შედიან შუა აზიის ყოფილი საბჭოთა ინდოეთი და პაკისტანი, და სადაც გაწევრიანებას აპირებს ირანი და ბელორუსი, ხოლო შთო-ის პარტნიორი ქვეყნებია: აზერბაიჯანი, სომხეთი, კამბოჯა, ნეპალი, თურქეთი და შრი-ლანკა და მიუხედავად იმისა, რომ შთო – არ არის სამხედრო-პოლიტიკური ბლოკი, მისი სამომავლო პერსპექტივა მეტად საეჭვოა, რუსეთის დაღმავალი და ჩინეთის მზარდი ამბიციების გამო. მით უმეტეს, რომ რუსეთი შანხაის ორგანიზაციას გინიხილავს „კოლექტიური დასავლეთის“ ალტერნატივად რომელიც დაეხმარება მას, უკრაინაში შეჭრის გამო შექმნილი უმძიმესი სამხედრო, ეკონომიკური და პოლიტიკური პრობლემების დაძლევაში.

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან არანაკლებ პოპულარული იყო მესამე გზა, ე. წ. სინთეზის თეორია, რომელიც დიდი გერმანელი მწერლის, გოეთეს დასავლურ-აღმოსავლური დივანის მხატვრულ-კონცეპტუალური იდეიდან იღებს დასაბამს და რომლის იდეურ მხარდამჭერიც გრიგოლ რობაქიძე იყო. „ძვირფასია დასავლეთი ევროპა, მაგრამ ევროპისათვის აღმოსავლეთს ვერ დავსთმობთ, უმჯობესი იქნება მათი ქორწილი ქართული ნადიმით გადავიხადოთ“ – მიიჩნევდა რობაქიძე. ფაქტობრივად, ამავე პოზიციას განასახიერებდა კონსტანტინე გამსახურდიაც, აქ საუბარია ქართულ ნიადაგზე ოქციდენტისა (დასავლეთი) და ორიენტის (აღმოსავლეთი) გაერთიანებაზე, მათ ჰარმონიულ შერწყმაზე. ოღონდ ყველა ეს მიმართულება ცარისტული და შემდგომში საბჭოთა რუსეთიდან თავის დაღწევის გზად განიხილებოდა.

ახლა უშუალოდ რაც შეეხება თანამედროვე დასავლეთთან ჩვენ ურთიერთობას, ზოგიერთს გარყვნილების და რადიკალური ლიბერალიზმის განსახიერებად რომ მიაჩნია. აქ პირველ რიგში იგულისხმება აშშ და კონტინენტური ევროპა გერმანიის და საფრანგეთის სახით. რამდენიმე ხნის წინ საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის კომენტარი საქართველოს გეგრაფიულ ადგილმდებარეობაზე, აქ ზოგიერთმა ეს მორიგ ანტიქართულ თეზად მონათლა, თუმცა პოლიტიკურ კონტექსტში სხვა რამე უფრო იგულისხმება. საქართველო რომელიც არ არის გეოგრაფიულად კონტინენტური ევროპის ნაწილი, გაცილებით მეტი უნდა გააკეთოს ევროკავშირში ინტეგრაციისათვის, როგორც საკანონმდებლო ისე ინსტიტუციონალურ დონეზე. რა დასამალია, ევროპაში არის გარკვეული სახის პრეტენზიები(სხვა საკითხია ჩვენი შეფასებით რამდენად არგუმენტირებულია) სასამართლო და საარჩევნო რეფორმის ირგვლივ თუ ზოგადად მმართველობის მოდელის მიმართ.

ის, ვისაც არ ესმის, რომ სტრატეგიულ მოკავშირეებს აშშ სანქციებს არ უწესებს, აქ ქართულ დეგენერაციის მდგომარეობაში მყოფ ოპოფლანგს ვგულისხმობ, ვფიქრობ პოლიტიკაში არაფერი ესაქმება, ხოლო დიპლომატიურ დონეზე კრიტიკა ან ცალკეული ასო- ების მხარდაჭერა ხანდახან ხელისუფლების გამოსაფხიზლებლად გამოიყენება და არა ხელისუფლების რევოლუციური გზით შესაცვლელად ან მთლიანად განულებული ოპოზიციის მოსაყვანად, და მათაც ვისაც ეს არ ესმის არაფერი ესაქმებათ პოლიტიკაში, ამას ვწერ უკვე კაი ხანია.

დასავლეთს ამ ხელისუფლების შეცვლა რომ სურდეს, არც პრემიერმინისტრის ასე წარმატებული ვიზიტები შედეგებოდა ბრიუსელსა და ბერლინში, არც გერმანიის კანცლერ შოლცის სიტყვებია ჰაერში ნასროლი ქართულ ევროპულ პერსპექტივაზე და ქართული ოპოფლანგიც ერთმანეთის მიყოლებით იჯდებოდენ აშშ ის თუ ევროპის დედაქალაქებში, პოლიტმარკეტინგიც, დაფინანსება და გადატრიალებებიც დასავლეთის მოგონილია და არა რუსეთის.

დარწმუნებული ვარ, ახალი თაობა ტატოს გზით, მისი „მერანის“ კვალდაკვალ წავა და მერეც ასე ივლიან.

“და გზა უვალი, შენგან თელილი, მერანო ჩემო, მაინც დარჩება”;

მერვე ნაწილის დასასრული”, – წერს გიორგი ცუცქირიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები