სოსო არჩვაძე: საქართველოს ეკონომიკის მდგრადი, სტაბილური და დინამიკური განვითარების მნიშვნელოვან პირობას საგარეო ვაჭრობის, პირველ ყოვლისა, ექსპორტის ზრდა წარმოადგენს

ექსპერტი, სოსო არჩვაძე სოციალურ ქსელში ეკონომიკის ზრდასთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ეკონომიკის მდგრადი განვითარება საგარეო ვაჭრობის ზრდაზეა დამოკიდებული.

“საქართველოს ეკონომიკის მდგრადი, სტაბილური და დინამიკური განვითარების მნიშვნელოვან პირობას საგარეო ვაჭრობის, პირველ ყოვლისა, ექსპორტის ზრდა წარმოადგენს.
ჩვენი ქვეყნის ექსპორტმა 2022 წლის აგვისტოში 470.6 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია და წინა წლის აგვისტოსთან შედარებით 40.4 პროცენტით მოიმატა. აღსანიშნავია, რომ წლის გავლილი 8 თვიდან 5 თვეში ექსპორტის მატება წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, 40 პროცენტზე მეტია! „ტრადიციულად“, ექსპორტის ზრდის ტემპი აღემატება იმპორტის ზრდის ტემპს.
აგვისტოს იმპორტმა წინა წლის აგვისტოსთან შედარებით მოიმატა 39.7 პროცენტით და 1213.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.
ექსპორტით იმპორტის გადაფარვამ 2022 წლის აგვისტოში შეადგინა 38.8 პროცენტი, ხოლო მთლიანად იანვარ-აგვისტოში – 42.7 პროცენტი.
საქართველოს ექსპორტის ზრდის ტემპი დაახლოებით 1.6-ჯერ უსწრებს ეროვნული პროდუქტის ნომინალური ზრდის ანალოგიურ მაჩვენებელს, რაც ხაზს უსვამს საქართველოს ეკონომიკის საგარეო სავაჭრო ექსპანსიის მყარ ტენდენციას. აღნიშნული წარმატება მით უფრო მნიშვნელოვანია, რომ იგი განხორციელდა საქართველოს ეროვნული ვალუტის გამყარების პირობებში (ლარი აშშ დოლართან 2022 წლის აგვისტოში 2021 წლის აგვისტოსთან შედარებით გამყარდა 11.0 პუნქტით).
ექსპორტ-იმპორტის, მთლიანად სავაჭრო ბრუნვის მნიშვნელოვანი ზრდა ადასტურებს საქართველოს ეკონომიკის გაზრდილ პოტენციალს, ქართული პროდუქციის მზარდ კონკურენტუნარიანობას, ქვეყანაში ერთობლივი მოთხოვნის საგრძნობ მატებას და საქართველოს სატრანსპორტო-საკომუნიკაციო ფუნქციის როლისა და რეექსპორტის მატებაში. – წლის პირველ შვიდ თვეში რეექსპორტი გაიზარდა 42.7 პროცენტით და 875.2 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია. 2022 წელს ყოველდღიურად რეექსპორტის საშუალო სადღეღამისო მოცულობა თითქმის ერთი მლნ. აშშ დოლარით აღემატებოდა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.
მსოფლიო ვაჭრობაში საქართველოს პოზიციონირების გაუმჯობესება უკავშირდება, ერთის მხრივ, სამამულო ბიზნეს-სექტორის საქმიანობის გაუმჯობესებას, კონკურენტუნარიანობის ზრდას, მეორეს მხრივ კი ხელისუფლების მიზანმიმართულ, რაციონალურ პოლიტიკას – როგორც ადგილობრივი ბიზნესის მხარდაჭერის, ისე საგარეო ვოლატილობის და მომეტებული რისკების პირობებში ქვეყანაში მშვიდი და მდგრადი გარემოს უზრუნველსაყოფად”, – წერს არჩვაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები