პარლამენტში საქართველოს ეროვნული ბანკის 2021 წლის ანგარიშს მოუსმინეს

საქართველოს პარლამენტში ეროვნული ბანკის 2021 წლის ანგარიშს მოუსმინეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

„ეროვნული ბანკის ძირითად ამოცანას ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა წარმოადგენს. ამასთანავე, ეროვნულმა ბანკმა უნდა უზრუნველყოს ფინანსური ინსტიტუტების სტაბილურობა, გამჭვირვალობა და ქვეყნის მდგრად ეკონომიკურ განვითარებას ხელი ისე უნდა შეუწყოს, რომ მისი ძირითადი ამოცანის შესრულებას საფრთხე არ შეექმნას“, – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ.

მისივე თქმით, ეროვნული ბანკი ერთ-ერთი წამყვანი ინსტიტუტია, რომელიც ფინანსურ სექტორში ინოვაციების და ტექნოლოგიების დანერგვას უწყობს ხელს და ბანკის მიერ გაწეულმა სამუშაომ, გასული წლების მსგავსად, საერთაშორისო აღიარება 2021 წელსაც მოიპოვა.

„ეროვნული ბანკი ერთ-ერთი წამყვანი ინსტიტუტია, რომელიც ფინანსურ სექტორში ისეთი ინოვაციების და ტექნოლოგიების დანერგვას უწყობს ხელს, რომლებიც არა კომერციულ ინტერესებს, არამედ მოსახლეობისთვის მეტი ინოვაციური სერვისის მიწოდებას და სხვადასხვა ტექნოლოგიური დარგის განვითარებას ემსახურება. 2021 წლის განმავლობაში გავაგრძელეთ ღია ბანკინგის საკითხებზე აქტიური მუშაობა. ღია ბანკინგის დანერგვის პირველი ეტაპის წარმატებით განხორციელების შემდეგ, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გაწეულმა სამუშაომ საერთაშორისო აღიარება გასული წლების მსგავსად, 2021 წელსაც მოიპოვა და ამას ადასტურებს საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი, ევროპის საინვესტიციო ბანკი, აზიის განვითარების ბანკი, ევროპის რეკონსტრუქციის ბანკი, სარეიტინგო კომპანიები და სხვა“, – აღნიშნა კობა გვენეტაძემ.

ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად ეროვნული ბანკის მიდგომაზე საუბრისას, მან აღნიშნა, რომ აღნიშნული მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარულ (ფულად-საკრედიტო) პოლიტიკას ინფლაციის თარგეთირების რეჟიმში წარმართავს.

„აღნიშნული რეჟიმი, რომელიც დღესდღეობით მსოფლიოში ყველაზე თანამედროვე და ეფექტიან მოდელად ითვლება, ინფლაციის სამიზნე მაჩვენებლის წინასწარ გამოცხადებას და შემდგომი პოლიტიკის იმგვარად განხორციელებას გულისხმობს, რომ საშუალოვადიან პერიოდში ინფლაცია მიზნობრივ დონესთან ახლოს იყოს. საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთია, რომელიც ინფლაციის პროგნოზის შესაბამისად იცვლება. თუ ინფლაციის პროგნოზირებული მაჩვენებელი მიზნობრივ დონეზე მაღალი იქნება, საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარულ პოლიტიკას გაამკაცრებს და პირიქით, თუ ინფლაციის პროგნოზირებული მაჩვენებელი მიზნობრივ დონეზე დაბალი იქნება, ეროვნული ბანკი მონეტარულ პოლიტიკას შეარბილებს“, – აღნიშნა კობა გვენეტაძემ.

საანგარიშო პერიოდში ინფლაციის საკითხებზე საუბრისას, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მაღალი ინფლაციის მიზეზი კორონავირუსის პანდემიას უკავშირდება.

„2021 წლის განმავლობაში საქართველოში, ისევე როგორც გლობალურად, ინფლაციური წნეხი გაძლიერდა. მაღალი ინფლაციის მიზეზი COVID-19-ის გამო შექმნილი არაორდინარული ვითარება იყო, რა დროსაც ერთბაშად რამდენიმე ფაქტორმა ინფლაციაზე ზრდის მიმართულებით იმოქმედა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის, მსოფლიო ბანკისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიმოხილვებში გლობალური ინფლაცია ერთ-ერთი მთავარი თემა იყო. მაღალი ინფლაციის მიზეზი მსოფლიოში ფართო მოხმარების პროდუქტებზე ფასების ზრდა იყო, რაშიც სურსათის გაძვირება გამოირჩეოდა“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.

ანგარიშის წარდგენის შემდეგ, კობა გვენეტაძემ დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა და სხვადასხვა მიმართულებებზე დამატებით ისაუბრა. შეკითხვების ნაწილი ინფლაციას, ლარის გაცვლით კურსს, ფასების მატებას და საკრედიტო-საფინანსო პოლიტიკის საკითხებს შეეხებოდა.

საკითხის თანამომხსენებელმა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, საქართველოს ეროვნული ბანკის მთავარი მანდატი ფასების სტაბილურობაა, თუმცა, კომიტეტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა ისიც, რომ ინფლაციის შესამცირებლად ეროვნულ ბანკს დახმარება სჭირდება.

„საჭიროა მთავრობის ჩართულობა. ფინანსთა სამინისტრომ დეფიციტის შემცირებაზე უნდა იზრუნოს და ამ კუთხით პროგრესი გვაქვს, ეკონომიკის სამინისტრომ კონკურენციის გაზრდაზე და ა.შ.“, – აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.

კომიტეტის თავმჯდომარემ  ყურადღება გაამახვილა ეროვნული ბანკის კიდევ ერთ მთავარ ფუნქციაზე, რომელიც საბანკო ზედამხედველობას მოიცავს. მისი თქმით, საბანკო და არასაბანკო საკრედიტო სისტემამ  უკანასკნელი პერიოდის შოკებს გაუძლო.

„მხედველობაში მაქვს პანდემიით და რუსეთ-უკრაინის ომით გამოწვეული შოკები, სექტორი კარგად კაპიტალიზებულია, გააჩნია ადეკვატური კაპიტალის ბუფერები, ლიკვიდობა და მდგრადია. მის გამართულობას და სტაბილურობას ადასტურებენ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები და დამოუკიდებელი აუდიტორების დასკვნები“, – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები