პირდაპირი უცხოური ინვესტიციების გაუმჯობესების ტენდენციები ნათლად მიანიშნებს ინვესტორთა ნდობასა და პოზიტიურ მოლოდინებზე საქართველოს ბიზნეს გარემოს მიმართ, რასაც ინვესტიციების სტრუქტურა ადასტურებს, – ამის შესახებ ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც მან აღნიშნა, საქართველოს მთავრობის მიერ ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა.
ამასთან, ცუცქირიძის თქმით, შემუშავებულ იქნა სახელმწიფო პროგრამა – „უცხოური საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობის მექანიზმი“, რომელიც გულისხმობს საინვესტიციო ვალდებულების შესრულების შემდეგ კომპანიებისთვის კვალიფიციური ხარჯების ანაზღაურებას.
„მაღალი ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვან მდგენელად, მიუხედავად რეგიონში შექმნილი სიტუაციისა და გლობალური გამოწვევებისა, პირველ ორ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მზარდი მაჩვენებელიც გამოდგება. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ერთის მხრივ დადებით ზეგავლენას ახდენს ეკონომიკის ზრდაზე, ხოლო მეორეს მხრივ განსაზღვრავს თავად ინვესტორთა დამოკიდებულებას ქვეყნის ბიზნეს გარემოზე და ამავდროულად მოლოდინებსაც ეკონომიკის კრიზისიდან გამოსვლის პოზიტიურ პესპექტივაზე.
აქედან გამომდინარე, საინტერესო იყო, თუ რა დინამიკა დაფიქსირდებოდა წლის პირველ ნახევარში, განსაკუთრებით კი მეორე კვარტალში, პირველ კვარტალში მაღალი ზრდის ფონზე.
2022 წლის მე-2 კვარტალში, გასულ წელთან შედარებით პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 9.1%-ით გაიზარდა და 351.8 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ 2022 წლის მე-2 კვარტალში დაფიქსირებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 40.9%-ით აღემატება პანდემიამდელ – 2019 წლის მე-2 კვარტლის მონაცემსაც.
ამასთან, 2022 წლის იანვარ-ივნისში პირველ 2 კვარტალში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა გასულ წელთან შედარებით გაორმაგდა და 456 მლნ დოლარიდან 922.9 მლნ. აშშ. დოლარამდეა გაზრდილი, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია 2019 წელთან შედარებითაც ზრდა 62.5%-ს შეადგენს.
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების გაუმჯობესების ტენდენციები ნათლად მიანიშნებს ინვესტორთა ნდობასა და პოზიტიურ მოლოდინებზე საქართველოს ბიზნეს გარემოს მიმართ, რასაც ინვესტიციების სტრუქტურა ადასტურებს. კერძოდ, იანვარ-ივნისის მონაცემებით, რეინვესტიცია გაზრდილია 234.4 მლნ. აშშ. დოლარით (72.2%-ით) და შეადგენს 559.1 მლნ. აშშ დოლარს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი სააქციო კაპიტალი, ორი კვარტლის მონაცემით, გაზრდილია 274.2 მლნ. აშშ. დოლარით ანუ 5-ჯერ მეტად და 343.3 მლნ. აშშ. დოლარს უტოლდება.
2022 წლის მეორე კვარტალში სააქციო კაპიტალი გაიზარდა 50.8 მლნ. აშშ დოლარით (2.3-ჯერ) და 90.2 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა.
სამაგიეროდ, რეინვესტირების და საწარმოთა კაპიტალის ზრდის ფონზე, 2022 წლის მეორე კვარტალში დაფიქსირდა სავალო ვალდებულებების კლება, წინა წლის მე-2 კვარტალთან შედარებით შემცირდა 33.3%-ით და შეადგინა 21.2 მლნ. აშშ. დოლარი.
პირველი ორი კვარტლის მონაცემებით, პუი-ს მოცულობა 13.4 %-ით აღემატება თვით ბოლო ათწლეულში 2017 წლის მონაცემსაც, როდესაც წლიურმა ზრდამ 2 მილიარდი დოლარი შეადგინა.
დარგობრივ ჭრილში, 2022 წლის ორ კვარტალში ყველაზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა ენერგეტიკის სექტორში, სადაც ინვესტიციამ 313.1 მლნ. აშშ. დოლარი, მთლიანი ინვესტიციის 33.9% შეადგინა. შემდეგ მოდის საფინანსო სექტორი 165.2 მლნ. აშშ. დოლარით, მთლიანი ინვესტიციების 17.9%-ით. უძრავი ქონების სექტორი 152.2 მლნ. აშშ. დოლარით, 16.5%-ით და მას მოსდევს დამამუშავებელი მრეწველობის სექტორი 78.3 მლნ. აშშ. დოლარით, მთლიანი ინვესტიციების 8.5%-ით.
ქვეყნების მიხედვით 2022 წლის მეორე კვარტალში ყველაზე დიდი მოცულობის ინვესტიცია გაერთიანებული სამეფოდან (18.4% – 64.7 მლნ. აშშ. დოლარი) განხორციელდა, შემდეგ მოდის ნიდერლანდები (12.7%- 44.8 მლნ. აშშ. დოლარი), იაპონია (11.9% – 41.8 მლნ. აშშ. დოლარი) და თურქეთი (8.7 – 30.7 მლნ. აშშ. დოლარი) და ჩინეთი (8.7 – 30.7 მლნ. აშშ. დოლარი).
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ინვესტიციების ზრდა თანხვედრაშია საქართველოს მთავრობის პრიორიტეტებთან, რასაც ხარისხობრივი ინვესტიციების მოზიდვა და ცოდნისა და ტექნოლოგიების ტრანსფერი წარმოადგენს. თავის მხრივ, ინვესტიციების მაღალი დამატებული ღირებულების მქონე სექტორებში მოზიდვა, საშუალოვადიან პერიოდში ხელს შეუწყობს წმინდა ექსპორტით განპირობებული ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას და საგარეო მოწყვლადობის შემცირებას.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის მიერ გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით. შემუშავებულ იქნა სახელმწიფო პროგრამა – „უცხოური საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობის მექანიზმი“, რომელიც გულისხმობს საინვესტიციო ვალდებულების შესრულების შემდეგ კომპანიებისთვის კვალიფიციური ხარჯების ანაზღაურებას“, – წერს გიორგი ცუცქირიძე Facebook-ზე.