ანრი ოხანაშვილი: ჩვენ მიერ მიღებული ცვლილებები საზოგადოების თითოეული წევრის უსაფრთხოებისა და სიცოცხლის დაცვას ემსახურება
„ცვლილებები განაპირობა კონკრეტული დანაშაულების კომპლექსურობამ, დანაშაულის ჩადენის ტექნოლოგიურმა განვითარებამ, რომლებიც, განსაკუთრებით, დღევანდელი გეოპოლიტიკური გამოწვევების გათვალისწინებით, ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლესა და უსაფრთხოებას შესაძლოა, მომეტებულ საფრთხეს უქმნიდეს”, – განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ბრიფინგზე, ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებულ ცვლილებებზე, რომელიც „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში” შევიდა.
მისი თქმით, ამიტომ ხელისუფლების ვალდებულებაა განახორციელოს ცვლილებები, რომელიც საგამოძიებო ორგანოებს მისცემს დანაშაულის ჩადენის თანამედროვე მეთოდებთან ბრძოლის კიდევ უფრო ეფექტიან სამართლებრივ შესაძლებლობებს. „ფარული საგამოძიებო მოქმედების გახანგრძლივება და პოტენციური დამნაშავისთვის ამის შესახებ შეტყობინების გადავადება შესაძლებელი გახდა შემდეგ დანაშაულებთან მიმართებით: წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მკვლელობა; ოჯახის წევრის მკვლელობა; არასრულწლოვნის ან შშმ პირის მკვლელობა; 2 ან მეტი პირის მკვლელობა; მკვლელობა განსაკუთრებული სისასტიკით, შეკვეთით ან ანგარებით; ტრეფიკინგი და არასრულწლოვნით ვაჭრობა; ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერა; წამების მუქარა; ნარკოტიკული საშუალებების გასაღება; ტერორიზმი და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები. ამრიგად, ჩვენ მიერ მიღებული ცვლილებები სწორედ რომ საზოგადოების თითოეული წევრის უსაფრთხოებისა და სიცოცხლის დაცვას ემსახურება”, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.
მისი განცხადებით, ხაზგასასმელია, რომ ამ ცვლილებებით სრულადაა შენარჩუნებული „ქართული ოცნების” მიერ 2014 წელს გატარებული რეფორმის ძირითადი პრინციპები, რომლითაც საქართველოს კანონმდებლობაში ფარული საგამოძიებო მოქმედების დასაბუთების უმაღლესი სტანდარტი იქნა შეტანილი.
„ეს 2014 წელს პოზიტიურად შეფასდა ევროსაბჭოსა და არაერთი ექსპერტის მიერ. კერძოდ, ფარული საგამოძიებო მოქმედება ნებადართულია პროკურორის მოტივირებული დასაბუთებითა და სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების საფუძველზე მხოლოდ მაშინ, როდესაც სხვა საშუალებით გამოძიებისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულების მოპოვება შეუძლებელია ან გაუმართლებლად დიდ ძალისხმევას საჭიროებს. ამასთანავე ფარული საგამოძიებო მოქმედების ინტენსივობა ფარული საგამოძიებო მოქმედების ლეგიტიმური მიზნის პროპორციული უნდა იყოს. ეს უმაღლესი სტანდარტი შენარჩუნებულია და ამ საგამოძიებო მოქმედების გამოყენება მხოლოდ უკიდურეს საშუალებად რჩება. ამას ემატება ასევე პერსონალურ მონაცემთან დაცვის სამსახურის მხრიდან ფარული საგამოძიებო მოქმედებების კანონიერებაზე კონტროლი”, -აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა. მან ყურადღება გაამახვილა სტრასბურგის სასამართლოს მიდგომაზე აღნიშნულ მოქმედებასთან მიმართებით. „სტრასბურგის სასამართლომ ცალსახად აღნიშნა, რომ მკაფიოდ უნდა განისაზღვროს ის დანაშაულები, რომელთა შესაძლო ჩადენის შემთხვევაშიც დასაშვებია ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარება და მთავარია ამ დანაშაულების ჩადენის ბუნება. ჩვენ სწორედ ამ სტანდარტით ვიხელმძღვანელეთ, რაც დაადგინა საქმეზე „ზახაროვი რუსეთის წინააღმდეგ”, პარაგრაფი 244, სტრასბურგის სასამართლომ. ასევე ფარული საგამოძიებო მოქმედების ვადის განსაზღვრის საკითხთან დაკავშირებით სტრასბურგმა დაადგინა, რომ ფარული საგამოძიებო მოქმედების ვადის განსაზღვრა სახელმწიფოს დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება საქმეზე „ კენედი დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ”, პარაგრაფი 161 და რომ ფარული საგამოძიებო მოქმედება შეიძლება გაგრძელდეს იმდენჯერ, რამდენჯერაც ამის სამართლებრივი საფუძველი იარსებებს. სტრასბურგის სასამართლოს კიდევ ერთი მიდგომა, რომ ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ შეტყობინება სათანადო საპროცესო გარანტიებისა და კონტროლის მექანიზმების არსებობის პირობებში შესაძლებელია, გაგრძელდეს წლები, მეტიც, ათწლეულები და ეს გადავადდეს. ესეც აღნიშნულია სწორედ საქმეში „ზახაროვი -რუსეთის წინააღმდეგ” პარაგრაფი 287″, -აღნიშნა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ. მან საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა პროცესები, რომელიც მიმდინარეობდა პარლამენტში.
„ეს იყო ოპოზიციის ჩართულობით წარმართული პროცესი, ყველა სახელმწიფო უწყების ჩართულობით მიმდინარე პროცესი, ვისაც კი შეხება აქვს ამ საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებასთან და , მეტიც, ჩვენ 3 კვირითაც გადავავადეთ ამ ცვლილების მიღება, რადგან ეს იყო თხოვნა, რჩევა შემდგომი კონსულტაციებისთვის ოპოზიციისა თუ სხვა სუბიექტებისა.
საბოლოოდ, ასეთი არგუმენტების საპირისპიროდ, სამწუხაროდ, ვერცერთმა ჩვენმა ოპონენტმა და კრიტიკოსმა ვერ დაასახელა სტრასბურგის სასამართლოს ერთი საქმეც კი, რომელთანაც შეიძლებოდა წინააღმდეგობაში მოსულიყო ეს ცვლილებები. ასევე სამწუხაროა, რომ საქართველოში აშშ- საელჩოს განცხადებაშიც არაა დასახელებული სტრასბურგის 1 საქმეც კი, თუ რას ეწინააღმდეგება ჩვენ მიერ მიღებული ცვლილებები და ამის ნაცვლად, მითითებულია, რომ თურმე ამ ცვლილებებით მოქალაქეების კონტროლის შესაძლებლობა გაუჩნდება მთავრობას. დანაშაულთან ეფექტიანი ბრძოლა თურმე ნიშნავს მოქალაქეების კონტროლს, ფაქტი ერთია, რომ სამართლებრივი არგუმენტების გარეშე ასეთი განცხადება რადიკალურ ოპოზიციას აძლევს კიდევ უფრო მეტი რადიკალიზაციის საბაბს, რაც, საბოლოოდ, ხელს უწყობს პარტიებს შორის პოლარიზაციის გაღრმავებას”, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.