უსაფრთხოებისა და სამხედრო საკითხების ანალიტიკოსი, ვახტანგ მაისაია რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ „საზღვარგარეთ რუსეთის ჰუმანიტარული პოლიტიკის კონცეფციის“ დამტკიცებას, სადაც ნათქვამია, რომ ლატვიასთან, ლიეტუვასთან, ესტონეთთან, საქართველოსა და მოლდოვასთან ურთიერთობისას ამ ქვეყნებში რუსულენოვანი მოსახლეობის უფლებების დაცვა იქნება გათვალისწინებული, პირდაპირ სამხედრო მუქარად აფასებს.
ამის შესახებ მაისაიამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას ისაუბრა.
„პრეზიდენტ პუტინის მიერ 3 დღის წინ ხელმოწერილი კონცეფცია საზღვარგარეთ რუსეთის ჰუმანიტარული პოლიტიკის შესახებაა. ის 80-მდე პარაგრაფს მოიცავს. ოფიციალურად შეიძლება, ჩავთვალოთ, რომ ეს დოკუმენტი პირდაპირი გაგებით რუსეთის ფედერაციის რბილი ძალის ინსტრუმენტია. ესაა ამ ტერმინის პირდაპირი რეალიზაცია. ტერმინი „რბილი ძალა“ ცნობილმა ამერიკელმა პოლიტოლოგმა, ჯოზეფ ნაიმ 2006 წელს შემოიტანა. როგორც ჩანს, პუტინმა, ძირითადად, პოსტსაბჭოთა სივრცეზე რუსული საგარეო პოლიტიკისა და ეროვნული ინტერესების განხორციელების მიზნით ეს უკვე, როგორც კონკრეტულ ინსტრუმენტად, გამოიყენა. ამ დოკუმენტში დაფიქსირებულია, რომ რუსული ენა პოსტსაბჭოთა სივრცეში „ფრანკა ლინგუა“ უნდა იყოს. აქ რუსული ენის დაცვაზეა საუბარი. ასევე, საუბარია იმაზე, რომ რუსული ენა შეიძლება, გარკვეულწილად, ეროვნული ინტერესების მისაღწევად იქნეს გამოყენებული. ამ კონცეფციის 59-ე პარაგრაფში პირდაპირ წერია, რომ რუსეთი მის ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს. რა თქმა უნდა, იგულისხმება რუსულენოვანი მოსახლეობის დაცვისთვის როგორც სამხედრო, ისე – ჰიბრიდული ტიპის ინსტრუმენტები, აქ გამოკვეთილია კონკრეტული რეგიონული არეალები. ესაა ბალტიის სახელმწიფოები, მოლდოვის რესპუბლიკა და საქართველო. საინტერესო მომენტი იყო საქართველოს მოყვანა ამ „საინტერესო“ პასაჟის კუთხით. პირდაპირ შემიძლია, გითხრათ, რომ ეს ამ 5 სახელმწიფოს მიმართ პირდაპირი სამხედრო მუქარაა, საუბარია ბალტიის სახელმწიფოებზე, ლიეტუვაზე, ლატვიაზე, ესტონეთზე, მოლდოვასა და საქართველოზე. ბუნებრივია, აქ უკრაინა არაა შესული იმის გამო, რომ უკრაინაში რუსული სამხედრო აგრესია ისედაცაა – იქ რუს ოკუპანტებსა და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შორის სისხლისმღვრელი ომი მიმდინარეობს. ასევე, საინტერესო ისაა, რომ კონცეფციის 58-ე პარაგრაფში პირდაპირ დაფიქსირებულია, რომ რუსეთი არაღიარებულ აქტორებთან მჭიდრო სტრატეგიულ ურთიერთობებს ავითარებს, ესენია აფხაზეთის ე.წ. რესპუბლიკა, ე.წ. სამხრეთ ოსეთი, ლუგანსკის, დონეცკის არაღიარებული ე.წ.რესპუბლიკები, ასევე დნესტრისპირეთის რესპუბლიკაზეცაა საუბარი, რომელიც მოლდოვის განუყოფელი ნაწილია. რა თქმა უნდა, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს უკვე პირდაპირი სამხედრო მუქარაა. ამაზე ორი აზრი არ არსებობს“, – განაცხადა მაისაიამ.
მაისაიამ განმარტა, რა საფრთხეებს მოიცავს კონცეფცია.
„მოდით, განვიხილოთ, საქართველოს მიმართ რა საფრთხეებზეა საუბარი. როგორ შეიძლება, რუსეთმა ეს ფაქტორი გამოიყენოს. ამ ფაქტორის გამოყენება რუსეთს თავისუფლად შეუძლია. საქართველოს ტერიტორიაზე არიან რუსეთის მოქალაქეები, რომელთაც ორმაგი მოქალაქეობა აქვთ, მეორე მომენტია აქ შემოსული ტურისტული დიდი ნაკადი. ბუნებრივია, აქ რუსეთის სპეცსამსახურებს პროვოკაციის მოწყობა არ გაუჭირდებათ. ასევე, არ არის გამორიცხული, რუსეთმა არაღიარებულ რეგიონებში გარკვეული პროვოკაციები მოაწყოს, თუნდაც, იგივე ბიჭვინთის საკითხთან დაკავშირებით. გარკვეული არეულობები გამოიწვიოს და მერე ეს საქართველოს დააბრალოს. მინდა, გითხრათ, რომ რუსულ სოციალურ ქსელში, სამთავრობო მართულ ქსელში პირდაპირ დაფიქსირდა , რომ საქართველო და სომხეთი კრემლის ინტერესებს უშუალოდ უნდა იყვნენ დაქვემდებარებულები. შემდეგ აღნიშნული კონცეფცია გაჩნდა. რა თქმა უნდა, რუსეთის ფედერაციაში შემთხვევით არაფერი ხდება. ეს კარგად გვესმის. აქ შეიძლება, გამოყენებულ იქნეს ჰიბრიდული ომის კლასიკური მაგალითები, მათ შორის, ჰიბრიდული ომის სამხედრო განზომილება, მცოცავი ოკუპაცია. არაა გამორიცხული, რომ რუსეთმა საქართველოზე ზეწოლის კუთხით ენერგეტიკული ინსტრუმენტი გამოიყენოს. ეს ინსტრუმენტი რუსეთმა დასავლეთის წინააღმდეგ უკვე გამოიყენა . საუბარია ევროკავშირის მიმართ განხორციელებულ ენერგოიზოლაციაზე. როგორც მოგეხსენებათ, პუტინის ბრძანებით, ჩრდილოეთ ნაკადის მეშვეობით ევროკავშირის ქვეყნებისთვის გაზის მიწოდება შეწყდა. როგორც ჩანს, ცივი ზამთრის ფაქტორით კრემლი კარგად მანიპულირებს. რა თქმა უნდა, ევროკავშირმა დივერსიფიკაციაზე ზრუნვა დაიწყო და გაზის მიმწოდებლად დასახელებულია ისეთი ქვეყნები, როგორებიცა ყატარი, ნიგერია, ალჟირი, აზერბაიჯანი. აზერბაიჯანი ვარაუდობს, რომ ევროპის მიმართულებით გაზის მიწოდება დაახლოებით 2-ჯერ გაზარდოს, რა თქმა უნდა, საქართველოს ტერიტორიის გავლით“, – განაცხადა მაისაიამ.