კახეთში რთველი ორგანიზებულად მიმდინარეობს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე – იური ნოზაძე თელავში, საკოორდინაციო შტაბში რთველის მიმდინარეობას გაეცნო, – ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, 7 სექტემბრის მონაცემებით, კახეთში 22 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული. მინისტრის მოადგილის განცხადებით, რთველის პროცესში ყველა პირობა შექმნილია, რომ მევენახეებმა შეფერხების გარეშე ჩააბარონ საწარმოებს ყურძნის მოსავალი.

„წელს ველოდებით რეკორდულ, 300 ათასამდე ტონა ყურძნის მოსავალს. ჩვენი ამოცანაა მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ჩვენს მევენახეებს ყურძნის ჩაბარების პროცესში. რთველის საკოორდინაციო შტაბი არის სრულად მობილიზებული, რომ რთველი წარიმართოს შეფერხებების გარეშე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ღვინის საწარმოებში ჩაბარდეს კონდიციური, ხარისხიანი ყურძენი, რადგან სწორედ ხარისხიანი ყურძენი განსაზღვრავს ღვინის ხარისხს და შემდგომ მის კონკურენტუნარიანობას”, – აღნიშნა იური ნოზაძემ.

7 სექტემბრის მდგომარეობით, ყურძენი 1400-მდე მევენახემ ჩააბარა, მათი შემოსავალი 17 მლნ ლარს აღწევს. გადამუშავებული ყურძნიდან 7,8 ათას ტონამდე რქაწითელი, 9,6 ათას ტონამდე საფერავი, 2 ათას ტონამდე კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2022 წლის რთველის მხარდასაჭერად, სუბსიდირების პროგრამა განხორციელდება. პროგრამის მიზანია სრულად დაბინავდეს ყურძნის მოსავალი და შენარჩუნდეს მევენახეობა-მეღვინეობის დარგის სტაბილური განვითარების დინამიკა. სუბსიდირების პროგრამის მხარდაჭერით, მოსავლის რეალიზაციას 25 ათასამდე მევენახე ფერმერი შეძლებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები