„საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორის, ლევან სილაგავას განცხადებით, მსოფლიო ბაზრებზე ხორბლის ფასი იკლებს. ამის შესახებ სილაგავამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
მისივე თქმით, ბაზარზე დამაიმედებელი ტენდენციაა. როგორც სილაგავამ განაცხადა, საქართველოში ფქვილის ფასი შემცირდა.
„ხორბლის ფასმა მოიკლო რეგიონულად, მსოფლიოშიც ტენდენცია კლებისკენაა. ბოლო ორი კვირაა, ხორბალზე ფასების ძირს წამოსვლა მიმდინარეობს. დღეს ეს აისახა ფქვილის ფასზე. პირველი ხარისხი 1 ტომარა 50 კილოგრამიანი ფქვილის ფასი დღეს 76 ლარია. აგვისტოს დასაწყისში დაახლოებით 85 ლარი იყო. შემდეგ 80 ლარზე ჩამოვიდა, დღეს 76 -ია. ეს ტენდენცია საკმაოდ დამაიმედებელია. ბაზარზე დღეს გარკვეული ოპტიმიზმის მიმართულებაა. შესაბამისად, თუ განვიხილვათ ადგილობრივი ბაზრის პერსპექტივას, ეს არის ის, რომ დიდმა წისქვილკომბინატებმაც შეიძლება, მუშაობა დაიწყონ. იცით, რომ ზოგადად წისქვილკომბინატები გაჩერებული იყო იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთის საექსპორტო-საბაჟო გადასახადი ხორბალზე საკმაოდ მაღალი იყო, 100 დოლარს გაცდენილი. ეს ყოველკვირეული გადასახადია, მიბმულია ხორბლის მსოფლიო ბაზარზე, რადგან ხორბლის ფასმა დაიკლო, შესაბამისად, საბაჟო გადასახადიც დაკლებულია, დღეს 68 დოლარია. მცირე და საშუალო წისქვილებმა გარკვეულწილად ისარგებლეს და პირველადი, ცოტ-ცოტა ხორბალი შემოვიდა. თუ დიდი წისქვილკომბინატები ამუშავდებიან, ეს იმას ნიშნავს, რომ აღდგება ის ჯაჭვი, რომელიც ტრადიციულად ბაზარზე არსებობს. ესაა ადგილზე ხორბალი, 2 -თვიანი მარაგების სახით, მისი ხარჯვის პარალელურად ახალი შემოსვლები იქნება. შესაბამისად, ამ ჯაჭვის აღდგენა უკვე სასურსათო უსაფრთხოების ძალიან სერიოზულ დადებით ტენდენციაში გადადის“, – განაცხადა სილაგავამ.
მისივე თქმით, წელს საქართველოში ხორბლის მოსავალი დაახლოებით 130 000 ტონას შეადგენს.
„ქართულ ხორბალზე შეგვიძლია, ვთქვათ, რომ წელს სტანდარტულზე უფრო მაღალი მოსავალი იყო. ამის მონიტორინგს სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სტატისტიკის დეპარტამენტი აკეთებს. საქართველოში დაახლოებით 130 000 ტონა ხორბალი იყო მოსული. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს ხორბალი მთლიანად სასურსათო იყო. საფასო პოლიტიკას თუ შევხედავთ, ერთი კილოგრამი ლარზე მეტად იყიდებოდა. მაგრამ ეს არ არის ის რაოდენობა, რომელმაც შეიძლება, ჩვენ თავი უსაფრთხოდ გვაგრძნობინოს. ამიტომ, მნიშვნელოვანია წისქვილების სტრატეგიული მუშაობა, რომელიც ადგილობრივ ხორბალზე იმპორტული ხორბლის დამატებას უზრუნველყოფს. ამ შემთხვევაში, უსაფრთხოება დაცული იქნება“, – განაცხადა ლევან სილაგავამ.
თამუნა შეყილაძე