“ევროკავშირში უკვე ნელ-ნელა გადააფასეს რეალური სიტუაცია საქართველოში და იქ რაციონალურმა აზრმა, როგორც ჩანს, გაიმარჯვა” – მაჭარაშვილი
“ეს სტატია, წერილი და კომენტარი ზუსტად იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირში უკვე ნელ-ნელა გადააფასეს რეალური სიტუაცია საქართველოში და იქ რაციონალურმა აზრმა, როგორც ჩანს, გაიმარჯვა”, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რითაც ,,რადიო თავისუფლების” ევროპის ბიუროს რედაქტორის, რიკარდ იოზვიაკის სტატიას გამოეხმაურა.
“ვხედავთ, რომ რაციონალური აზროვნებაა და ისინი ამბობენ, რომ საქართველოში ერთადერთი პოლიტიკური ძალა დღეს არის ხელისუფლება, რომელთანაც შეიძლება საუბარი ჰქონდეს ევროკავშირს. რატომ? იმიტომ, რომ დანარჩენი პოლიტიკური ძალა, რომელსაც საქართველო მხარს არ უჭერს, ოფიციალურად წარმოადგენს უცხოურ ძალას, ასევე არიან მხოლოდ დესტრუქციაზე ორიენტირებული და ჩვენ ვნახეთ, რომ მათი ვერც გეგმა დაინახა, მათ შორის, მათმა პატრონებმა, ვერც მხარდაჭერა დაინახეს საკუთარი ამომრჩევლების, ამიტომაც თქვეს, რომ ჯობს, რომ ხელისუფლებასთან, რომელიც ერთადერთი პრაგმატულად მოაზროვნე პოლიტიკური ძალაა, დაიკავონ ურთიერთობა. ეს განსაკუთრებით მას შემდგომ იქნებოდა, რაც ამერიკულმა საზოგადოებამ 5 ნოემბერს თქვა, რომ ის გაემიჯნა ულტრალიბერალურ მიმართულებას და იგივეს ამბობს ევროპელი ხალხი”, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
ცნობისთვის, იოზვიაკის სტატიაში საუბარია ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს დახურული სხდომის დეტალებზე. ავტორი აღნიშნავს, რომ ევროკავშირის ლიდერებს საბოლოოდ მოუწევთ “ქართულ ოცნებასთან” მუშაობა.