ოკუპირებულ აფხაზეთში „ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები“ შესაძლოა, 15 ან 16 თებერვალს ჩატარდეს
ოკუპირებულ აფხაზეთში „ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები“ შესაძლოა, 15 ან 16 თებერვალს ჩატარდეს, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
„არჩევნები პრეზიდენტის გადადგომის დღიდან სამი თვის ვადაში უნდა ჩატარდეს. ასლან ბჟანიამ თანამდებობა დატოვა და პარლამენტმა იგი 19 ნოემბერს მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ კონსტიტუციით არჩევნები სამი თვის ვადაში, ანუ 19 თებერვლამდე უნდა ჩატარდეს. რადგან აფხაზეთში არჩევნები ყოველთვის შაბათ-კვირას იმართება, ეს შეიძლება შაბათს, 15 თებერვალს ან კვირას, 16 თებერვალს იყოს“, – განაცხადა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრმა.
მისივე თქმით, არჩევნების ჩატარების თარიღი ე.წ. პარლამენტმა უნდა დანიშნოს.
შეგახსენებთ, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა, „პრეზიდენტის“ ასლან ბჟანიას გადადგომას მხარი გუშინ დაუჭირა. მანამდე, ადგილობრივმა „ტელეგრამ“ არხებმა ინფორმაცია გაავრცელეს, რომ ასლან ბჟანიამ აფხაზეთი დატოვა, თუმცა თავად ბჟანიამ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ ის სოფელ ტამიშში იმყოფებოდა.
ასევე, რამდენიმე დღის წინ, ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ „საპრეზიდენტო არჩევნებში“ მონაწილეობის მიღებას გეგმავს.