„დღევანდელი დღე არის ის დღე, როდესაც ყველა ქართველი ერთიანდება“

   დღეს, წმ. მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესიაში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში გმირულად დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეთა ხსოვნის პატივსაცემად წირვა აღევლინა – ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, წირვის შემდგომ დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს. დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ და თავდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ ქაროსანიძემ. პრესცენტრის ინფორმაციით, ტაძარში ასევე იმყოფებოდნენ დაღუპულთა ოჯახის წევრები და თანამებრძოლები. გენერალური შტაბის უფროსმა 2008 წლის ომში დაღუპულთა გმირობაზე ისაუბრა.
„დღევანდელი დღე არის ის დღე, როდესაც, ყველა ქართველი  ამ ბიჭების სულების მოსახსენიებლად ერთიანდება. მე მოხარული ვარ, რომ სასაფლაოზე და მათი სახელობის ეკლესიებში ხალხის ნაკადი არ წყდება. ეს ნიშნავს, რომ არაფერი და არავინ არის დავიწყებული“, – განაცხადა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ.
წმ. მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესია 2008 წელს გმირულად დაღუპული ჯარისკაცის ვახტანგ გზირიშვილისა და მისი თანამებძოლების სახელობის საქველმოქმედო ფონდის ინიციატივით შენდება. ეკლესიის მშენებლობა 2009 წელს დაიწყო და მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები