ლევილის მამულში ქართული ოდა სახლის განთავსებასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ლევილის მამულში ქართული ოდა სახლის განთავსებასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, როგორც ცნობილია, 2016 წელს ლევილის მამულის საქართველოსათვის შეპირობებული გადმოცემის შესახებ გაფორმებული სანოტარო აქტის მიხედვით, ქართულმა სახელმწიფომ მამულის პარკში ქართული ოდა სახლი უნდა განათავსოს. სანოტარო აქტით გათვალისწინებული ეს და სხვა ვალდებულებები 2026 წლის სექტემბრამდე უნდა შესრულდეს. სწორედ ამიტომ, ლევილის მამულში რეაბილიტაციისა და რეკონსტრუქციის პროცესი სწრაფი ტემპით გრძელდება.
ქართული ოდა სახლის პარკში განთავსებასთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრას უძღვებოდა გიორგი ჩიტაიას სახელობის საქართველოს ხალხური ხუროთმოძღვრებისა და ყოფის მუზეუმისა და ლევილის მუზეუმის დირექტორი ნინო ჭიპაშვილი. შეხვედრაში მონაწილეობდნენ ოდა სახლის პროექტის თანაავტორი ზაზა ჯოლოხავა და ლევილის მუზეუმის ადგილობრივი მენეჯერი თეონა მელითაური.
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ 2022 წელს დამტკიცებული პროექტის თანახმად, 2025 წლის ზაფხულში ლევილის მამულში ქართული ოდა სახლის განთავსება უნდა დასრულდეს. პროექტის ავტორია ღვაწლმოსილი არქიტექტორ-რესტავრატორი ტარიელ კიპაროიძე.
210 კვ.მ. ფართობის ქვის დაბალ ხიმინჯებზე მოწყობილ ოდა სახლში გაიხსნება ქართული რესტორანი და ქართული ღვინის სადეგუსტაციო სივრცე. ასევე, მოეწყობა ქართული ტრადიციული რეწვის ნიმუშებისა და სუვენირების მაღაზია. ოდის მიმდებარედ მოეწყობა პარკინგი.
ცნობისთვის, ლევილის ქართველთა მამულის ტერიტორიაზე 2026 წლის სექტემბრამდე მოეწყობა: სამუზეუმო და საარქივო სივრცე, ბიბლიოთეკა, საკონფერენციო დარბაზი, მედიათეკა, ქართული ოდა, გაშენდება ქართული ვაზი.
2022 წელს, საქართველოს კულტურისა და სპორტისა ყოფილი მინისტრის, თეა წულუკიანისა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ შამუგიას ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგად, მოძიებული და შესყიდული იქნა ოდა სახლისათვის საჭირო ხის მასალა, რომელიც აქამდე შრობის პროცესს გადიოდა. რამდენიმე ხნის წინ კი დაიწყო მასალის დამუშავების სამუშაოები.
ქართული ოდის განსათავსებელ ტერიტორიას ჩაუტარდა გეოლოგიური კვლევა, ჩატარდა აზბესტისგან გაწმენდის სამუშაოები მომიჯნავე ძველ ნაგებობაში, სადაც სამზარეულო უნდა განთავსდეს.
ოდა სახლს ქართველი ოსტატები საქართველოში ააწყობენ, რის შემდეგაც ის დაიშლება და საფრანგეთში გაიგზავნება. იგივე ქართველი ოსტატები ოდა სახლს ლევილის მამულში ააწყობენ. შესაბამისად, ხის ყველა ელემენტი და კვანძი საქართველოში დამუშავდება. ოდის კაპიტალური ნაწილი კი ფრანგული კომპანიების მონაწილეობით ადგილზე შესრულდება.
ცნობისთვის, 2021 წლიდან დღემდე, ლევილის მამულში განხორციელდა გუშაგის სახლის რეაბილიტაცია, შემოქმედებითი რეზიდენციისათვის განკუთვნილი სივრცეების რეკონსტრუქცია და კეთილმოწყობა, აღდგა მამულის 4 ჰა ტერიტორიის გალავნის ავთენტიკური სახე, მოწესრიგდა პარკი და მისი ასწლოვანი მცენარეები. ამჟამად დასასრულს უახლოვდება ლევილის მამულის შატოს ინტერიერის სრული რეაბილიტაცია, ხოლო სახურავისა და ფასადის სამუშაოები უკვე დასრულდა. მალე დაიწყება პოლკოვნიკ წერეთლის საცხოვრისის რეაბილიტაცია, სადაც, სანოტარო აქტის პირობების მიხედვით, მედიათეკა და ბიბლიოთეკა უნდა მოეწყოს.
პროექტის მოცემული ნაწილის განხორციელება 2025 წლის გაზაფხულზე უნდა დასრულდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები